„რებრენდინგი აღარ მუშაობს. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ეს ადამიანები რასაც წარმოადგენენ, მათი სახეები ყველასთვის კარგად ნაცნობია და თვალში ნაცარს ვეღარავის შეაყრიან. მათი ეს ფეიკ გაერთიანება კი მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, ეს არის საგარეო დავალება იმისთვის, რომ აამყრალონ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ის პროცესი, რაც გუშინ ვნახეთ არის უნიჭოდ დაწერილი სცენარი. ამ ადამიანებს რეალურად აერთიანებთ მხოლოდ ორი რამ – ერთი, ესაა საერთო წარსული და ეს წარსული მათთვის არის ლაქა, რომელსაც ისინი ვერასდროს ჩამოირეცხავენ, და მეორე – ეს არის საგარეო დავალების შესრულება. ამაში ორი აზრი არ არსებობს.
გუშინ ჩვენ ვიხილეთ სახეები, სახელები და გვარები, ადამიანები, რომლებიც ერთი იდეის ქვეშ არიან წლების განმავლობაში, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“… და ესენი ამბობენ, რომ მხოლოდ გუშინ გაერთიანდნენ. როგორ შეიძლება გვარამიამ, ბოკუჩავამ, ვაშაძემ და ბოკერიამ თქვან, რომ აქამდე ისინი ერთნი არ იყვნენ და ცალცალკე ძალას წარმოადგენდნენ.
რებრენდინგი აღარ მუშაობს, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ეს ადამიანები რასაც წარმოადგენენ, მათი სახეები ყველასთვის კარგად ნაცნობია და თვალში ნაცარს ვეღარავის შეაყრიან. მათი ეს ფეიკ გაერთიანებაც კარგად ვიცით რა მიზანს ემსახურება, ეს არის საგარეო დავალება იმისთვის, რომ პოლიტიკური პროცესები აამყრალონ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის უფლებას არავის მივცემთ.
აქვე უნდა ითქვას ერთი მთავარი რამ, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, არსებობს საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც სასამართლოშია შეტანილი და სწორედ ამ ძალების აკრძალვას ისახავს მიზნად. ჩვენ მათ არ განვიხილავთ როგორც პოლიტიკურ პარტიებს და პოლიტიკოსებს, რადგან როცა შენ ხარ აგენტი და პირდაპირ მოქმედებ გარე ძალების დავალებით, გარე დაფინასებით, არ შეიძლება პოლიტიკოსად იწოდებოდე. პოლიტიკოსი ხარ მაშინ, როდესაც გიყვარს შენი ქვეყანა, გაღელვებს მისი ბედი და გტკივა მისი პრობლემები.
ამიტომ ეს ადამიანები არ უნდა იყვნენ პოლიტიკაში, რადგან მათ აქვთ მიცემული მხოლოდ ერთი დავალება, რადიკალიზმის შეტანა პროცესებში, ქვეყანაში სიტუაციის დამძიმება და რევოლუციური პროცესების სტიმულირება. აი, ეს არის მათი ერთადერთი დავალება. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ საზოგადოების მხრიდან არანაირი მხარდაჭერა და ეს ყველაზე ნათლად არჩევნებში ჩანს ხოლმე. უკვე 9 არჩევნებია საზოგადოება მათ მტკიცედ უმეორებს, რომ მათი ადგილი პოლიტიკაში არ არის“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.


