„დაწყებულია სამართლებრივი დავა „ბიბისი“-სთან და როგორც საზოგადოებას დავპირდით, ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ტელეკომპანია პირდაპირ კავშირშია დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო უწყებებთან.

„ის ბინძური ცილისწამება და საინფორმაციო დივერსია, რაც ჩვენ ვნახეთ „ბიბისი“-ს მხრიდან, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ტელეკომპანიას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ითვლებოდა დამოუკიდებელი მედიის ერთ-ერთ ფლაგმანად, აღარაფერი აკავშირებს დამოუკიდებელ მედიასთან და პირდაპირ კავშირშია დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო უწყებებთან.

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის ბინძური ბრალდება, რაც „ბიბისი“-ს მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით მოვისმინეთ, იყო დაორგანიზებული თავად დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.