„,სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო თქვენს ძალიან მაგარ გუნდს, კოლექტივს, „პოსტივის“, „იმედს“. თქვენ არ ხართ მხოლოდ მედიასაშუალება, თქვენ იცავთ არამარტო თავისუფალ სიტყვას, არამედ იცავთ სიმართლეს ჩვენს ქვეყანაში“ , –  ამ სიტყვებით გამოუცხადა მხარდაჭერა დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ ქართულ ტელევიზიებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა, ბრიტანულმა სანქციებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და პირიქით, ამ ტელევიზიების რეიტინგი და მათ მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზარდა.

„სიმართლე ყოველთვის იყო და იქნება მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით დღევანდელ ვითარებაში, როდესაც საზოგადოების სწორად ინფორმირება უმნიშვნელოვანესია.

თქვენ ამ ბრძოლაში ხართ ავანგარდში. მინდა წარმატებები გისურვოთ.

თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ იმ უსუსურ გალაშქრებას, რაც ამ ბრიტანული სანქციების სახით ვიხილეთ, აბსოლუტურად ჩალის ფასი აქვს და დარწმუნებული ვარ არანაირი უარყოფითი ეფექტი არ მოჰყვება. პირიქით, ჩვენ ვნახეთ, რომ ამას მოჰყვა ამ ტელევიზიების რეიტინგის ზრდა, საზოგადოების მხარდაჭერის კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაცია და რა თქმა უნდა ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.