„მსურს, კიდევ ერთხელ მივესალმო ჩემს სომეხ კოლეგას, ბატონ ნიკოლ ფაშინიანს და სომხეთის დელეგაციას საქართველოში. როგორც მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა, სადაც წარმოდგენილი იყვნენ შესაბამისი მთავრობების წარმომადგენლები, მინისტრები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
“შედგა საინტერესო დისკუსია სხვადასხვა თემაზე, რომელიც უკავშირდება ორი ქვეყნის თანამშრომლობას. ჩვენ ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული ვითარებაა შექმნილი ჩვენს გარშემო და, მით უმეტეს, ამ ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავება.
ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის. ამას ეფუძნება ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც არის დამყარებული საქართველოსა და სომხეთს შორის. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს თანამშრომლობის მაღალი დონე, თუმცა, არსებობს მუდმივი ინტერესი, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და ტრადიციული მეგობრობა ორ ქვეყანას შორის. ეს თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემას, საერთო ინტერესებს. მინდა, კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და სომხეთს მადლობა გადავუხადო ჩვენი ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისა და პატივისცემისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. დღეს, კომისიის სხდომაზეც მადლობა გადავუხადე ჩვენს მეგობრებს გაერო-ში იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებული რეზოლუციის მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.


