კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს – „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“.
სამინისტროს ინფორმაციიით, კონკურსის მიზანია ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობის აღდგენა და გაღრმავება თანამედროვე ლიტერატურული ნიმუშების თარგმნის გზით.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ ფიზიკურ და საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, რომლებსაც აქვთ აღნიშნულ სფეროში მუშაობის, სულ მცირე, ორწლიანი გამოცდილება.
„კონკურსი ითვალისწინებს: თანამედროვე ქართული ლიტერატურის ნიმუშების აფხაზურ და ოსურ ენებზე თარგმნასა და გამოცემას; თანამედროვე აფხაზური და ოსური ლიტერატურის ნიმუშების ქართულ ენაზე თარგმნასა და გამოცემას. კონკურსანტს შეუძლია მხოლოდ ერთი საკონკურსო განაცხადის წარდგენა, რომელიც, შესაძლოა, ითვალისწინებდეს თარგმანების როგორც ერთ, ისე ორივე მიმართულებას.
კონკურსისათვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 60 000 ლარს.
ამ კონკურსისათვის გამოყოფილი საერთო ბიუჯეტი 2023 წელსაც იყო 60 000 ლარი. კონკურსში მონაწილეობისთვის სამინისტროში შემოვიდა სამი განაცხადი და გამოვლინდა ორი გამარჯვებული პროექტი: „თანამედროვე ქართველი და ოსი პოეტების ერთობლივი კრებულის გამოცემა” – ა(ა)იპ საერთაშორისო საზოგადოება კავკასიური მოზაიკა; „მიხა ლაკერბაიას ნოველების თარგმნა და წიგნად გამოშვება“ – ა(ა)იპ საზოგადოება აფხაზური სახლი.
2022 წელს კონკურსის ბიუჯეტი იყო 50 000 ლარი. სამინისტროში შემოვიდა ხუთი განაცხადი და დაფინანსდა სამი პროექტი: ა(ა)იპ ახალგაზრდა ხელოვანთა ცენტრი – ქართველი (გ.ოდიშარია) და აფხაზი (დაურ ნაჭყებია) მწერლების რომანების გამოცემა; ა(ა)იპ საერთაშორისო საზოგადოება კავკასიური მოზაიკა – თანამედროვე ოსი მწერლის, მერი ცხოვრებოვას მოთხრობების ქართულ ენაზე გამოცემა; ა(ა)იპ საზოგადოება აფხაზური სახლი – დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ აფხაზურად.
საკონკურსო განცხადებები მიიღება 2024 წლის 7 მარტიდან 2024 წლის 18 მარტის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, ნაბეჭდი სახით, ან სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით, ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ, ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) და დასკანერებული. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სამინისტროს ცხელი ხაზის საშუალებით სამუშაო საათების განმავლობაში; ტელ.: 032 2 022229 ან N 599 20 52 25.
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე არაუგვიანეს 2024 წლის 28 მარტისა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N7864 ბრძანება „საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობებისა და დაფინანსების წესის შესახებ“ და ფორმულარები იხილეთ ბმულებზე:
დაფინანსების წესი – https://cutt.ly/RwM9pRNu
ფორმულარები – https://cutt.ly/bwM9aEls
საკონკურსო პირობები – https://cutt.ly/qw1gHYHd“, – აცხადებენ სამინისტროში.