„ეტყობა, ცუდად იცნობენ ამერიკელები ქართველებს, და იცით, რატომ? იმიტომ, რომ მათთვის ქართველობა გაიგივებულია მათი ფინანსებით გამოზრდილ ჩვენი საზოგადოების ერთ პატარა სეგმენტთან – მათ წინაშე ცალ ფეხზე მდგომებთან. დღეს, სწორედ, მათ ამარად დარჩნენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის – ბლინკენის მიერ გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვებს, სწორედ, ამ ცალ ფეხზე მდგომთა მხარდაჭერა და სუვერენულად მოაზროვნე ქართველების დასჯა აქვს მიზნად“, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
„უფრო ზუსტად კი, ეს გახლავთ საქართველოს შიდა პოლიტიკაში უხეში ჩარევა და ყველაზე მიუღებელი მეთოდებით შანტაჟისა და მუქარის პოლიტიკა.
ტრაგიკომიკური მოვლენაა, როდესაც ერთი სუვერენული ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი სანქციებით ემუქრება მეორე სუვერენული ქვეყნის კანონმდებელს – მხოლოდ იმის გამო, რომ მან გამჭვირვალობის კანონს მისცა ხმა. გარდა ამისა, მუქარა და შანტაჟი ოჯახის წევრების მიმართ არის ფაშისტური და ბოლშევიკური მეთოდი. ნაცისტურ გერმანიასა და სსრკ-ში სჯიდნენ განსასჯელთა ოჯახის წევრებსაც.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხელისუფლება არ აპირებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობას. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობაც ამ აზრზეა. ქვეყნისა და ერისთვის ახლა დგება როგორც ჭეშმარიტების, ისე დიდი გამოცდის მომენტი“, – წერს ანჯაფარიძე „ფეისბუკის“ გვერდზე.


