“ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რომელმაც უკვე მოგვცა საშუალება, გაგვეუმჯობესებინა ქვეყანაში სოციალური პირობები”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს ყველა მიმართულებით ძალიან ამბიციური გეგმები ექნება წარმოდგენილი.

„ჩვენ გვაქვს უამრავი ძალიან მასშტაბური, მნიშვნელოვანი დაპირება, რომლებზეც ვსაუბრობთ, მათ შორის, მთავრობის სხდომებზე.

ეკონომიკური ზრდის მიმართულებით გვაქვს ამბიციური გეგმები. 435 000 ადამიანამდე შემცირდა სიღარიბის მაჩვენებელი – მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობამ“ დაგვიტოვა 1.1 მილიონი ადამიანი. 700 000-მდე ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს სწორედ იმ სწრაფი ეკონომიკური ზრდის წყალობით, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას, თუმცა ესეც არ არის საკმარისი, – ჩვენი ამბიციური ამოცანაა სიღარიბის ბოლომდე განულება და, რა თქმა უნდა, ამისთვის გვჭირდება ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება.

არსებობს ამბიციური პროექტები, მათ შორის, დაგეგმილია ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები. ბოლომდე იქნება მიყვანილი რიკოთის ისტორიული პროექტი, თბილისი-ბათუმის ავტობანის პროექტი, ასევე გაგრძელდება ავტობანის მშენებლობა საზღვრების მიმართულებით, – ეს ეხება სომხეთის საზღვარს, აზერბაიჯანის საზღვარს. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები იმისათვის, რომ აშენდეს ანაკლიის პორტი. გვაქვს ასევე ამბიციური გეგმა, რომელიც უკავშირდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას.

ასევე, განათლების სფეროში ჩვენი მხრიდან იქნება წარმოდგენილი უაღრესად ამბიციური გეგმა, რომელიც განსაკუთრებით შეეხება საუნივერსიტეტო განათლებას.

არის ისეთი კონკრეტული მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა სტადიონის პროექტი და ა.შ. ყველა მიმართულებით – იქნება ეს განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა თუ ნებისმიერი სხვა, გვექნება წარმოდგენილი ძალიან ამბიციური გეგმები, რაც იქნება ჩვენი საარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა პრემიერმა.