„ადამიანი გარდაიცვალა ომში და ამაზე ვიღაც ფარისეველი, მე ასე უნდა ვუწოდებ – ყალბი, გამყიდველი პოლიტიკოსები ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური დივიდენდების მიღებას”, – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპულ ხუთ ქართველთან დაკავშირებით ოპიზიციის წარმომადგენლების განცხადებები.
“ეს ადამიანები უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ცდილობდნენ და ცდილობენ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას.
ამაზე ამორალური თუ რამე არსებობს! მინდა ყველას შევახსენო, რომ ეს ადამიანები, ეს ე.წ. ომის პარტია და, შეიძლება ასე ითქვას პირდაპირ – გამყიდველების პარტია… მათი ორგანიზებულია ახლაც, სამწუხაროდ… ჩვენი თანამოქალაქეები მიჰყავთ ომის პარტიის წარმომადგენლებს უკრაინაში, მათი არაერთი პროვოკაცია იქნა ჩვენი მთავრობის მიერ თავიდან აცილებული.
ყველას კარგად გახსოვთ, როგორ მოიქცა მათი ლიდერი და მათი მმართველობა აგვისტოს ომის დროს.
ჩვენი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დატოვეს ბრძოლის ველზე. რაზე საუბრობენ საერთოდ?! დღეს როგორ ბედავენ ეს ადამიანები?! საერთოდ, როგორ ახსენებენ სამხედროების სახელს?! ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მიატოვეს სამხედროების ცხედრები, გამოიქცნენ თავად. ე.წ. მთავარსარდალმა ყველაზე დიდი სირცხვილი აჩვენა ერს. მიწაზე იყო გართხმული, და მეორე – თავდაცვის მინისტრი გამოიქცა ბრძოლის ველიდან. ყველამ კარგად ნახა ეს კადრები. დღეს გამოდიან და ცდილობენ მგრძნობიარე საკითხებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, მღელვარების შემოტანას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.