საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას აცრცელებს.

„საზოგადოება საქმის კურსში გვინდა ჩავაყენოთ ომის პარტიის გლობალურ და ახალი მასშტაბის კოორდინაციაზე:
მოგეხსენებათ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან პირველი თვეების განმავლობაში მისი პატრონები და დავალების მიმცემები არ ჩანდნენ, ბოლო პერიოდში კი, როგორც ვხედავთ, უკვე ღიად გამოჩნდნენ და დაკავშირებული ორგანიზაციებით და კონკრეტული პირების მეშვეობით თავიანთ აგენტს უკვე ღიად იცავენ.

მაგალითისთვის მხოლოდ გუშინ გაკეთებული რამდენიმე განცხადებაც გამოდგება:
Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ხრისტო გროზევმა საჯაროდ მიმართა საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს და შესთავაზა დახმარება სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში.
ალბათ ხვდებით ცინიზმის და ტყუილის გამართლების მცდელობის ხარისხს!

მეორე: მაგნიტსკის სიის ავტორი, ბატონი ბროუდერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წამების უკან დგას პუტინი, რომელსაც სურს შურისძიება სააკაშვილზე.

როგორც ხედავთ, ბროუდერმა უკვე არა მხოლოდ ის „დაადგინა“, რომ სააკაშვილს აწამებენ, არამედ მის შემკვეთზეც გავიდა.

აქაც, ცინიზმისა და დადგმული უნიჭო სპექტაკლის გამართლების უპრეცედენტო ხარისხის გარდა, საქმე გვაქვს ათი წლის განმავლობაში ყველა ბრუნვაში ნატრიალები მესიჯის გამყარების მცდელობასთან, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ე.წ. „პრორუსობას“ შეეხება.

შეგახსენებთ, რომ ამ მესიჯს იმ პარტიის წარმომადგენლები და მედიასაშუალებები ატრიალებენ, რომელმაც პუტინს ჯერ ქართული ტერიტორიები ჩააბარა, შემდეგ კი ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე მოუწერა ხელი!

მესამე იყო გენერალ ბენ ჰოჯესის მიერ იგივე მიზნით გუშინვე გაკეთებული განცხადება.
შესაბამისად, ადვილი მისახვედრი და გასაშიფრია იმ კოორდინაციის ხარისხი, რომელიც საქართველოში ყველაზე მასშტაბური დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან დახსნას, ხელისუფლების დისკრედიტაციას, საქართველოს ომში ჩართვის ინტერესსა და, შესაბამისად, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნას ემსახურება. აგენტის პატრონები კი უკვე პოზიციების ღიად გამოხატვასაც აღარ ერიდებიან.

აქვე, გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებას:

გახსოვთ, რომ თვეების განმავლობაში ვთხოვდით ამერიკის საელჩოს და ელჩს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესს მკაფიოდ გამიჯვნოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა.

გუშინ, უკრაინის სპეციალურმა წარმომადგენელმა კასიანოვმა უკვე ძალიან კონკრეტული და მკაფიო ბრალდება გაახმოვანა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ჩვენი ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით.

ვთხოვთ ქალბატონ ელჩს, ახლა მაინც გამოვიდეს და უარყოს ან დაადასტუროს უკრაინის წარმომადგენლის განცხადება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება. თუ ქალბატონი კელი დეგნანი კვლავ არ გამოეხმაურება ჩვენს თხოვნას, საზოგადოება ჩათვლის, რომ დუმილი ამ შემთხვევაშიც თანხმობის ნიშანია!“ – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება