„ეს არის იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ სააკაშვილის მდგომარეობა – მძიმე თუ არამძიმე, “ფეიკი” თუ ნამდვილი – არასდროს ყოფილა არც სამედიცინო და არც სამართლებრივი სფერო. რეალურად, თავიდანვე, ეს იყო პოლიტიკური პროცესი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„როგორც პოლიტიკურ კონტექტსში გვისვამენ ამასთან დაკავშირებით შეკითხვებს, როგორც პოლიტიკურ კონტექსტში ამუნათებენ სახელმწიფოს, ასევე პოლიტიკურ კონტექსტში გრძელდება და, ალბათ, მსოფლიოში პირველი შემთხვევაა (სხვა თუ არის, მოიძიეთ), როდესაც ავადმყოფობას ჰყავს ლობისტი; როდესაც პიარ კომპანია ავადმყოფობას ლობირებს თავისი პიარ სტრატეგიული მეთოდებით და ამ ეგიდით ადამიანის გათავისუფლებაზე იღებს გარკვეულ პასუხისმგებლობას. ეს არის მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევა და გვაქვს საქმე მხოლოდ მიხელ სააკაშვილის შემთხვევაში.

სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად არის შეთავაზება, რომ, თუ რამე რეალურად და ობიექტურად საქართველოში არ აკმაყოფილებს პაციენტს, პატიმარს, მის ადვოკატს, ოჯახს, მათ დაიქირავონ უცხოელი ექიმები, რომლებიც დამატებით იზრუნებენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

ნაცვლად ამისა, მათ დაიქირავეს უცხოელი ლობისტები, „პიარშიკები“ იმისთვის, რომ ლობისტურმა კომპანიამ უზრუნველყოს ავადმყოფობის ლობირება, რაც უპრეცედენტოა. ეს არა მხოლოდ ეჭვებს აჩენს, ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, რომ მის პარტნიორებს, დავალების მიმცემებს, შემკვეთებს (რომ ჩამოსულიყო საქართველოში და აერია ეს ქვეყანა) აინტერესებთ არა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არამედ აინტერესებთ აქედან გამომდინარე პიარული, პოლიტიკური და საქართველოსთვის მავნებლური შედეგი“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება