“ჯაფარა” [ზურაბ ჯაფარიძე] ის ადამიანია, რომელმაც პრაიმერიზი ორჯერ ჩაატარა და ვინც იყო გამარჯვებული, გააგდო”, – ასე გამოეხმაურა “გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი ოპოზიციური პარტიების სიის განსაზღვრისას პრაიმერიზის ინიციატივას.

“როგორ შეიძლება, ენდო ამ შემთხვევაში ადამიანს, როცა ორი პრაიმერიზი დამოუკიდებლად გააკეთა ჩვენი პარტიიდან რომ წავიდა, ფაქტობრივად, არც ერთი არ შეასრულა.

გიორგი ვაშაძეს და ხოშტარიას ამ კუთხით არანაირი გამოცდილება არ აქვთ. ამიტომ ზოგადად ამის არ მჯერა, მაგრამ დავიჯერებ ნებისმიერ პრაიმერიზს, თუ იქნება პირველ რიგში ფართო დებატები, დისკუსიები, რადგან პრაიმერიზი რომ ჩაატარო, ამომრჩეველს ხომ უნდა დაანახო, ვის რა პოზიციები აქვს, რომ შემდეგ ამომრჩეველმა ვიღაცას მხარი დაუჭიროს.

თუ ეს დებატები არ იქნება, არანაირი ღირებულება არ აქვს ასეთ პრაიმერიზს, იქნება რაღაც ბელადების რაღაც თამაში.

ჯერ დავინახოთ, შეძლებენ თუ არა პოლიტიკური პარტიები, დაიწყონ ლაპარაკი, დისკუსიები, რომელიც ოპოზიციურ ფლანგზე ძალიან პრობლემური საკითხია. თუ ეს მოხდება, შემდეგ ვნახოთ, არის თუ არა საერთოდ პრაიმერიზის რამე შანსი. საერთოდ, პრაიმერიზი არ ნიშნავს რაიმე ტიპის გაერთიანებას. პრაიმერიზის შედეგად ჩვენ გამოვავლენთ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკოსებს ამომრჩეველში პოპულარობის მიხედვით და შემდეგ პოლიტიკოსებმა გადაწყვიტონ, ვისთან გაერთიანდებიან და გაერთიანდებიან თუ – არა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

გაზიარება