“პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აგენტების ამერიკულ კანონზე ჟურნალისტებთან საუბრისას.

„პირველი – ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო;

მეორე – ყველამ გაიგო, რომ [გარკვეული] ორგანიზაციები სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართული, როგორიცაა, იგივე, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე. ასევე, როგორიც არის გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, “PVT-ის” გაყალბება, როგორიც არის ეკლესიის გინება – LGBT პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვართან. ეს ორგანიზაციები, სინამდვილეში, არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები.

მესამე – ვერასდროს განხორციელდება ბაკურიანის გეგმა, ანუ “ენჯეობის” ხელით საქართველოში „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს.

ეს არის სამი მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც ამ კანონპროექტმა მოიტანა. მადლობას ვუხდი „ხალხის ძალის“ გუნდს ამისთვის და თითოეულ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა პირველი მოსმენისას ამ კანონპროექტს.

ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, ბევრ რამეს გავუწიეთ ანგარიში და დღეს პარლამენტში ეს გადაწყვეტილება გაფორმდა. ჩვენ ვიმოქმედეთ ჩვენი პასუხისმგებლობის შესაბამისად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება