“როგორც ჩანს, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, რომ არეულობა აუცილებლად მისაღწევია, მაგრამ სცენარის ავტორების მხრიდან სადარდებელია, რომ, თუ ისინი სააკაშვილის გათავისუფლებას ვერ მოახერხებენ, შესაძლოა, ცუდად ალაპარაკდეს და ბევრ საკითხზე ისაუბროს”, – განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, დღეს საქართველო თვალს ადევნებს მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერი მეთოდით გათავისუფლების სპეცოპერაციას. მან აღნიშნა, რომ საქართველო სამართლებრივი ქვეყანაა და სააკაშვილის გათავისუფლება-არგათავისუფლების საკითხს სამართალი წყვეტს და არა “პოლიტიკური დაკვეთები”.
“მსგავსი სახის სპეცოპერაცია უშედეგოდ დასრულდა, როცა სააკაშვილი, დიდი სცენარის გათვალისწინებით, საქართველოში კონტეინერით შემოიყვანეს, რათა ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო და ეს არეულობა ხელისუფლების ცვლილებით დასრულებულიყო. იმ ხელისუფლების, რომელიც არავის მიმართ მორჩილი არ არის და, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებს.
რიგი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების გამალებული მცდელობა, მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს, ხომ არ არის განპირობებული ძველი თუ ახალი ერთობლივი დანაშაულებების გადაფარვისთვის? ამ კითხვებს პასუხები სჭირდება. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ავადმყოფი, რომელიც შეპყრობილია ძალადობრივი ბერკეტების მოპოვების სურვილით. სააკაშვილი სასჯელს ოროთახიან ლუქსპალატაში იხდის, მას მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში ემსახურება და ვერცერთი არგუმენტი ვერ იქნა მოტანილი, რომ მას სჭირდება ისეთი მკურნალობა, რისი რესურსიც საქართველოს არ აქვს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.