“გვსურს, მხარი დავუჭიროთ პრემიერ- მინისტრისა და მთავრობის გადაწყვეტილებას ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა და უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გააძლიერებს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

თალაკვაძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც პრემიერ-მინისტრმა და “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა გუნდმა ენერგეტიკულ სფეროში მოცულობითი ინვესტიცია და 200 მეგავატზე მეტი მოცულობის ახალი პროექტები დააანონსა, გუშინ ევროკავშირის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა საქართველოსა და ევრკოკავშირს შორის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით, რომლის მთლიანი ინვესტიცია 2.3 მილიარდი ევროა.

“ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც თქვენ – რადიკალური ოპოზიცია უმტკიცებთ საზოგადოებას, რომ საქართველო ევროპას თითქოს დაშორდა.

ჩვენს ქვეყანას წინა წელსაც, სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა, ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა – 10.5% და წელსაც აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა – 10.2%.

იგივე მონაცემებს აქვეყნებს სავალუტო ფონდი და “ფიტჩი”, სამაგიეროდ, რადიკალური ოპოზიცია და მისი სატელიტები საზოგადოებას უმტკიცებენ, რომ ეს ზრდა ომს უკავშირდება და მეორეხარისხოვანია. არა, კოლეგებო, ეს ზრდა მშვიდობასა და სტაბილურობას უკავშირდება.

ინვესტიციების საერთო მოცულობამ 2022 წელს შეადგინა 1.6 მილიარდი ამერიკული დოლარი. ეს არის თითქმის გაორმაგება 2021 წელთან შედარებით და 70%-იანი ზრდა არის 2019 წელთან შედარებით. ევროკავშირის ქვეყნებიდან წილი ამ მთლიან ინვესტიციებში გახლავთ 43%, ხოლო რუსეთიდან ინვესტიციების მაჩვენებელი უარყოფითი იყო”, – აღნიშნა თალაკვაძემ.

გაზიარება