„პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა სახელმწიფოს 51%-იანი თანამონაწილეობით იწყება“, – განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, თავისი მნიშვნელობით, ერთ-ერთი გამორჩეულია.

„ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ შეიძლება ეროვნული მნიშვნელობის პროექტების მართვა სახელწიფოს მხარდაჭერით. როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასა და ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდის სტატუსზე, სწორედ ანაკლიის პორტს, შავი ზღვისქვეშა საკაბელო პროექტის და სხვა მსგავსი პროექტების განხორციელებას ვგულისხმობთ.

ხუთი წლის განმავლობაში ვერ შეძლო ინვესტორმა აღებული ვალდებულებების სათანადოდ შესრულება და, შესაბამისად, პროექტის განხორციელება, ამიტომ სახელმწიფომ აიღო ეს პასუხისმგებლობა და ხდება ერთგვარი გარანტორი, რომ ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის პროექტი განხორციელდეს და მიღებული ეკონომიკური სარგებელი ქვეყნის საჭიროებებს მიზნობრივად მოხმარდეს.

პორტის მშენებლობა სახელმწიფო მნიშვნელობის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც თავს მოუყრის ეკონომიკას და ვაჭრობის თანამედროვე და აქტუალურ ტენდენციებს. მას ექნება პოტენციალი, გახდეს მიზიდულობის ცენტრი დაინტერესებული ქვეყნებისთვის; გახდეს ნაწილი ფართომასშტაბიანი რეგიონული თუ გლობალური პროექტების“, – განაცხადა სონღულაშვილმა.

გაზიარება