ექსპერტი გია აბაშიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის – ანდრეი კასიანოვის განცხადებას ეხმაურება.

„ზელენსკის უზნეო და უმადურმა ადმინისტრაციამ კიდევ ერთი წითელი ხაზი გადაკვეთა საქართველოსთან მიმართებით.
ელჩის მოვალეობის შემსრულებელს – ანდრეი კასიანოვს ათქმევინეს, რომ, თუ საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა აღდგება და აქ მყოფ უკრაინელებს საფრთხე დაემუქრებათ, უკრაინა განიხილავს საქართველოდან თანამემამულეების ევაკუაციას.
ფაქტია, რომ უკრაინის პროვოკატორი პოლიტიკური აქტორები არ იმჩნევენ იმ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც რუსეთის ათასობით ოჯახი გამოექცა პუტინის რეჟიმს და საქართველოში შემოვიდა სახმელეთო გზით. ფაქტია, რომ ასევე არ იმჩნევენ უკრაინელებისა და რუსების მშვიდობიან თანაცხოვრებას მშვიდობიან საქართველოში.
ერთი ინციდენტიც კი არ მომხდარა, სადაც ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ. რომ მომხდარიყო, ამაზე ვაი-ვიშს ატეხდა სააკაშვილის ომის პარტიის ჯიბის მედია.
თუმცა, ურყევი მოცემულობაა ის, რომ ოფიციალური კიევიდან სამარცხვინო და უზნეო დამუნათების მიუხედავად, საქართველოს სახელმწიფო განაგრძობს განსაცდელში მყოფი უკრაინელების დახმარებას აქ და მათ სამშობლოში.
მოუთმენლად ველით უკრაინის მოღალატე და კორუმპირებული ჩინოსნების მხილება-დასჯას მათ სამშობლოში.
გამარჯვება უკრაინელ ხალხს რუს ოკუპანტებზე და საკუთარ პარაზიტ ჩინოსნებზე!“ – წერს აბაშიძე სოციალურ ქსელ “ფეისბუკში”.

გაზიარება