“ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ 9 200 პატიმარზე. საერთო მდგომარეობის მიხედვით, ციხეებში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10-ჯერ არის შემცირებული. ეს სწორედ იმის დამსახურებაა, რომ პატიმრების მიმართ არის სათანადო მოპყრობა”, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ერთადერთი, რაზეც ხელისუფლება პასუხისმგებლობას იღებს, არის ადამიანის უფლებების დაცვა ნებისმიერი პატიმრისთვის, როგორი მძიმე დანაშაულიც არ უნდა ჰქონდეს მას ჩადენილი.

ამასთან, „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვაზე – „სააკაშვილი თუ დაიღუპება, ის სტატისტიკის ნაწილი იქნება?“ – კობახიძემ განაცხადა, რომ „400 დღე არ შეიძლება საკუთარი ბელადის სიკვდილზე საუბარი“.

„გირჩევთ, რომ ეს აბსოლუტური ტერმინები ამოიღოთ თქვენი ლექსიკიდან. საკუთარ ლიდერზე ამ სიტყვებით რომ ლაპარაკობთ, ეს არის უკვე რაღაცებზე მიმანიშნებელი. არ ვარგა ამ ყველაფერზე ასე საუბარი. როგორი პოლიტიკური ინტერესიც არ უნდა გქონდეთ, ჯობს, სხვა სიტყვები გამოიყენოთ და სხვა მიმართულებით იმსჯელოთ ამ თემაზე.

ეს სირცხვილია. რა დღითიდღე მძიმდება?! ეს აჩვენებს ამ კაცის მიმართ თქვენს დამოკიდებულებას და გაანებეთ ამ კაცს თავი.
თქვენი პარტია და სიკვდილი ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ხართ. სიკვდილზე აგებთ ყველა კამპანიას. არ შეიძლება ასე. საზოგადოება ამას უყურებს და ამიტომაც არის თქვენი რეიტინგები დაცემული. ყველა პარტიულ ტელევიზიას რეიტინგები სერიოზულად დაცემული აქვს, რადგან სულ სიკვდილზე არ შეიძლება, საზოგადოებას ესაუბროს. თქვენი მხარდამჭერებიც კი დაღალეთ. ჯერ ესაუბრებოდით ტრაგიკულად დაღუპული ადამიანების სიკვდილზე, ახლა საკუთარი ბელადის სიკვდილზე. გაანებეთ, რა, ამ ხალხს თავი“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება