„ასამართლებენ თუ არა სახელმწიფოს ყოფილ და მოქმედ ლიდერებს? დიახ, ასამართლებენ, რადგან ყველა ოდნავ მაინც დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ყველა გასამართლებული ლიდერი სასჯელს ღირსეულად შეხვდა და არც ერთ მათგანს და არც მათი ოჯახის წევრებს არ მოუწყვიათ ის ისტერიული სპექტაკლები და სიმულაცია, რასაც სააკაშვილი, მისი ოჯახი და გარემოცვა ეწევა“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
„თუმცა, მავანთ შერჩევითი მიდგომა აქვთ ამის მიმართაც. თუ საქმე “მათ ნაძირალებს” ეხება, მათ “განსაკუთრებული” მოპყრობა სჭირდებათ.
მხოლოდ აფრიკაში კორუფციის, ქვეყანაში უკანონოდ შემოსვლისა და სხვა კორუფციული დანაშაულების გამო გაასამართლეს და პატიმრობა მიუსაჯეს 10 პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს.
სხვადასხვა წლებში აზიაში ქვეყნების 31 ლიდერს (პრეზიდენტებს და პრემიერ-მინისტრებს) მოუწია ციხის ნარებზე დაჯდომა. 1991-1994 წლებში, კორუფციის ბრალდებით, სასამართლოს წინაშე წარდგა ავსტრალიის ორი პრემიერ-მინისტრი.
პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და ევროპაშიც ბევრი იყო ქვეყნის ლიდერთა გასამართლების „ქეისები“ სხვადასხვა კორუფციული თუ სხვა მძიმე დანაშაულების გამო. გაასამართლეს ალბანეთის პრემიერ-მინისტრი (1994) და პრეზიდენტი (2006). 2004-2019 წლებში გასამართლდა უკრაინის სამი პრემიერ-მინისტრი და ერთი პრეზიდენტი. სასამართლოს წინაშე წარდგა მაკედონიის პრემიერ-მინისტრი (2006). 2011 წელს, კორუფციაში ბრალდებით, სასამართლოს წინაშე წარდგა საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ჟაკ შირაკი. ის არ დაესწრო სასამართლო პროცესს, რადგან ექიმებმა ჩათვალეს, რომ მისმა ნევროლოგიურმა პრობლემებმა მას მეხსიერება დაუზიანა. 2020-2021 წლებში სასამართლო შედგა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ ფრანსუა ფიიონის და ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მიმართ. სარკოზი გახდა საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი უახლეს ისტორიაში, რომელსაც რეალური პატიმრობის ვადა შეეფარდა.
2013 წელს სასამართლოს წინაშე წარდგა იტალიის მრავალგზის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი. 2014 წელს, კორუფციის და ფულის გათეთრების ბრალდებით, სასამართლოს წინაშე წარდგა პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჟოზე სოკრატესი. 2014 წელს ქრთამის აღების ბრალდებით გაასამართლეს რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ადრიან ნასტასე. 2016 წელს გასამართლდა მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ვლად ფილატი. 2018 და 2020 წლებში გაასამართლეს სომხეთის ორი ექსპრეზიდენტი – რობერტ კოჩარიანი და სერჟ სარქისიანი. 2018 წელს ხორვატიის პრეზიდენტი ივო სანადერი ასევე კორუფციაში ბრალდებით გასამართლდა. წელს, კორუფციაში ბრალდებით გასამართლდა მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ნიკოლა გრუევსკი (2022).
ახლახან, არგენტინის ყოფილ პრეზიდენტს კრისტინა კირშნერს სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ბიუჯეტის თანხების გაფლანგვა-მითვისების გამო.
აღსანიშნავია ერთი რამ: საძიებო სისტემებში რომლებიც თავისუფალია პოლიტიკური კონიუნქტურისგან, გასამართლებულ ლიდერებს შორის გვხვდება სააკაშვილის და მერაბიშვილის გვარებიც და ორივეს გასამართლების მიზეზის გრაფაში უწერია „კორუფცია“, – აღნიშნავს ანჯაფარიძე.