საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“  განცხადებას ავრცელებს:

„ასეთ ევროპარლამენტს პარლამენტარიზმთან საერთო არაფერი აქვს. ის არის ევროპული აგენტოკრატიის ერთი მორიგი დანაყოფი, რომელიც ევროკავშირის მაკონტროლებლების ყველაზე უხეშ დავალებებს სრულიად უთავმოყვარეოდ ასრულებს. ასეთ ევროპარლამენტს არაფერი აქვს საერთო არც დემოკრატიასთან და არც იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ევროკავშირი თავის დროზე დაეფუძნა.

ამგვარი რეზოლუციებით ევროპარლამენტი გვიცხადებს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგვიღებენ, თუ სამართლის უზენაესობაზე უარს ვიტყვით და კრიმინალებს გავათავისუფლებთ, თუ სინდისზე უარს ვიტყვით და ქველმოქმედებას გავემიჯნებით, თუ სახელმწიფოებრიობაზე უარს ვიტყვით და ხელისუფლებას აგენტურას გადავაბარებთ, თუ მშვიდობაზე უარს ვიტყვით და ვიომებთ. ფაქტია, რომ რეზოლუციის ავტორები საქართველოს სახელმწიფოებრიობას არ ცნობენ, რადგან სახელმწიფოდ მხოლოდ აგენტოკრატიას აღიარებენ. ცხადია, თუ სინდისი, სახელმწიფოებრიობა და ქვეყანა დავკარგეთ, ასეთ სახელმწიფოს არც ევროკავშირის გარეთ ექნება ფასი და არც ევროკავშირში.

საზოგადოებას გვინდა შევახსენოთ ორი ფაქტი:

– მოლდოვას მისი მეხუთე პრეზიდენტის დაჭერიდან ერთი თვის თავზე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ექსპრეზიდენტის დაპატიმრება არავითარი ხელშესახები მტკიცებულებით არ იყო გამყარებული, ეს საკითხი ევროკავშირის განხილვის საგნად საერთოდ არ ქცეულა. ამის საპირისპიროდ, უამრავი სისხლიანი დანაშაულის ჩამდენი სააკაშვილის გასათავისუფლებლად მთელი ევროპული აგენტოკრატიაა მობილიზებული, რასაც ერთადერთი მარტივი ახსნა აქვს – მოლდოვურ აგენტოკრატიაში ექსპრეზიდენტის მტკიცებულებების გარეშე დაპატიმრებაც დასაშვებია, ხოლო ქართულ დემოკრატიაში არაჟნის კონტეინერით უკანონოდ შემოპარული სისხლიანი დიქტატორის პატიმრობაც კი დანაშაულია;

– ასევე, შეგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ უკრაინას დაუწერეს და მიაღებინეს კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც უკრაინული აგენტოკრატიის გამაგრებას ისახავდა მიზნად. ამ კანონს ევროკომისიის პრეზიდენტმა უმაღლესი შეფასება მისცა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტმა უკრაინული კანონი, პრაქტიკულად, სიტყვა-სიტყვით თარგმნა და მიიღო, რასაც იმავე ევროკავშირის მხრიდან სერიოზული შფოთვა მოჰყვა. მიზეზი აქაც მარტივი ასახსნელია – ის, რაც უკრაინას აგენტოკრატიის გასამაგრებლად მოუფიქრეს, საქართველოში დემოკრატიას გაამაგრებს, რაც ჩვენი დაუძინებელი მეგობრებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

ეს ორი მაგალითიც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლების პრობლემების ერთადერთი სათავე ისაა, რომ აგენტოკრატია არ არის და არა გარე ძალების კარნახით, არამედ ეროვნული ინტერესების მიხედვით მოქმედებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება