„ნებისმიერი პოლიტიკოსის განცხადება – იქნება ეს ადგილობრივი პოლიტიკოსის, ევროპარლამენტარის… არანაირი მნიშვნელობა არ აქვს – არის დამაზიანებელი. ასეთი ტიპის განცხადებები, – როდესაც აქცენტები არასწორად კეთდება და პასუხისმგებლობა პაციენტის მართვაზე მმართველ პარტიას, პოლიტიკოსებს ენიჭება, არის დამაზიანებელი, თუნდაც ერთი ფაქტორის გამო – რომ აზიანებს პაციენტის დამყოლობას მკურნალობაზე, რაც ძალიან გადამწყვეტი ფაქტორია“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

სერგეენკოს თქმით, ყველაზე უფრო ცუდი და დამაზიანებელი, რაც შეიძლება მოხდეს პაციენტ სააკაშვილთან მიმართებით, არის ამ საკითხის ზედმეტად პოლიტიზება – როდესაც გადაწყვეტილებებს, შეფასებებს და პროგნოზირებას აკეთებენ პოლიტიკოსები, იურისტები და არა ექიმები.
მისივე თქმით, უნდა ჩატარდეს კონსილიუმი და არა კლინიკური აუდიტი, რაც აქამდე ტარდებოდა.

„კლინიკური აუდიტი არის, როცა შედის ჯგუფი, სწავლობს, მიაქვთ დოკუმენტები, ერთი თვე მუშაობენ, მოიწერებიან წერილს, მერე ელოდებიან პასუხს და ა.შ. კონსილიუმი არის ექიმების შესვლა და ანალიტიკის იქამდე წაყვანა, სანამ კონკრეტული სამოქმედო გეგმა არ იქნება. ეს არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკა რაღაცნაირად ჩამოშორდეს კლინიკურ მართვას პაციენტ სააკაშვილთან მიმართებით“, – აღნიშნა სერგეენკომ.

ვიცე-სპიკერის თქმით, პოლიტიკოსების ჩარევა კლინიკურ მედიცინაში მხოლოდ აუარესებს სიტუაციას და არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნების და რა პოზიციის წარმომადგენელი იქნება.

სერგეენკომ ასევე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილისთვის ელექტროსიგარეტის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

„რაღაცნაირად უნდა გააცნობიერონ, რომ კლინიკური მართვა სხვა არის, პოლიტიკა – სხვა.
ახლა ვნახე მესიჯი, რომ შეეზღუდა მოხმარება. რამდენადაც ვიცი, პენიტენციურის პროტოკოლით, ზოგადად, ეს შინაგანაწესის ნაწილი არ არის. ერთადერთი ჩემი ვარაუდი არის, რომ, ალბათ, შეეზღუდა ექიმების რეკომენდაციით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ცალსახად ასე არის ყველასთვის, მიუხედავად იმისა, სად იმყოფება ადამიანი. ნებისმიერი თამბაქოს პროდუქტი, მათ შორის, ელექტროსიგარეტი, რა თქმა უნდა, ცალსახად უარყოფით გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა სერგეენკომ.

გაზიარება