“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო ორი დღეა, ვრცელდება ერთმანეთის გამომრიცხავი ინფორმაცია ვენეციის კომისიიდან უკრაინული კანონპროექტის გამოთხოვასთან დაკავშირებით. გუშინ აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ვენეციის კომისიისგან უკრაინულმა მხარემ გამოითხოვა კანონპროექტი და აღარ ელოდება დასკვნას. ამ ჭრილში, მოუწოდა საქართველოს, რომ ვენეციის კომისიაში კანონპროექტის საკუთარი ვერსია გაეგზავნა. დღეს ირკვევა და, როგორც ევროსაბჭოში აცხადებენ, უკრაინულ მხარეს არ გამოუთხოვია პროექტი. გრძელდება მასზე მუშაობა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
მისივე თქმით, უბრალოდ, ევროსაბჭო ვერ აზუსტებს, როდის იქნება პასუხი და დასკვნა მზად უკრაინულ ვერსიასთან დაკავშირებით.
ამ საკითხმა კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა, თუ რატომ გავრცელდა ასეთი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია. ეს მეტ რესურსს ქმნის იმისთვის, რომ ღრმად გავერკვეთ ამ საკითხში, თუ რასთან გვქონდა საქმე და შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება, რადგან, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ერთი და იმავე შინაარსის ორი დოკუმენტის გაგზავნის აზრს ვენეციის კომისიაში ვერ ვხედავთ.
რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” პროექტს, როგორც სამართლებრივად, ისე პოლიტიკურად სრულიად აბსურდული პროექტია, ოლიგარქების დაცვაზეა ორიენტირებული და არა დეოლიგარქიზაციაზე. სამართლებრივად, ისეთი საკითხებია, რაც საკონსტიტუციო ჩარჩოებს სცილდება. ეს არის ოლიგარქ კეზერაშვილის დაცვის მცდელობა”, – განაცხადა მათიკაშვილმა.
“აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ვენეციის კომისიისგან უკრაინულმა მხარემ კანონპროექტი გამოითხოვა, ევროსაბჭოში კი აცხადებენ, რომ არ გამოუთხოვია – ურთიერთგამომრიცხავმა ინფორმაციამ კითხვის ნიშნები გააჩინა” – დავით მათიკაშვილი
