აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ერთ-ერთ სახლში კონფიდენციალური დოკუმენტების კიდევ ერთი შეკვრის ნახვის შემდეგ, აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა მერიკ გარლანდმა საგანგებო გამომძიებელი დანიშნა.

რადიო „თავისუფლების“ ცნობით, ბაიდენის ადვოკატებმა და თვითონ პრეზიდენტმა მანამდე აღიარეს, რომ დოკუმენტების კიდევ ერთი შეკვრაა ნაპოვნი. ბაიდენის მრჩეველმა რიჩარდ საუერმა გამოთქვა რწმენა, რომ საფუძვლიანი კვლევა დაადგენს, რომ დოკუმენტები შემთხვევით აღმოჩნდა სხვაგან და პრეზიდენტმა ისინი ნახვისთანავე გადასცა სახელმწიფო არქივს.

გასულ დღეებში ბაიდენის ვიცე-პრეზიდენტობის პერიოდის ოფისში მისმა ადვოკატებმა მიაგნეს ასევე კონფიდენციალურ მასალებს და ისინი არქივს გადასცეს. ახლა ცნობილი გახდა, რომ კონფიდენციალური დოკუმენტები დელავერის შტატში, ბაიდენის კერძო სახლის გარაჟში იპოვეს. თეთრი სახლის თანახმად, საქმე ეხება მცირე რაოდენობის მასალებს. კიდევ ერთი დოკუმენტი ნახეს ბაიდენის კერძო ბიბლიოთეკაში. რას ეხება რამდენიმე წლის სიძველის მასალები, არ არის ცნობილი. პრეზიდენტმა თავი დაიცვა და განაცხადა, რომ მისი „კორვეტი ჩაკეტილ გარაჟში იმყოფება“, ანუ ისე არაა საქმე , რომ დოკუმენტები ქუჩაში ენახათ. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ამგვარი დოკუმენტების შესაძლო ადგილსამყოფლის ძებნა დასრულდა.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ასეთი ინციდენტები არ არის პოლიტიკურად ხელსაყრელი ბაიდენისთვის, რომელმაც მალე უნდა გამოაცხადოს, სურს თუ არა, წარდგეს დემოკრატიული პარტიის სახელით კანდიდატად კიდევ ერთი ვადით. რესპუბლიკური პარტია ამ ინციდენტებს, ალბათ, ბაიდენის წინააღმდეგ განწყობის შესაქმნელად გამოიყენებს.

ბაიდენმა გასულ ზაფხულში მკაცრად გააკრიტიკა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, როცა დიდი რაოდენობით საიდუმლო დოკუმენტებს მიაგნეს მის სახლში. თუმცა, ტრამპის შემთხვევაში მასალები ნახა გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, FBI-მ. ამასთან, მასალების ნაწილი „მკაცრად საიდუმლო“ იყო.

ტრამპის წინააღმდეგ ამის გამო საქმეა აღძრული.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის კანონით, თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ვალდებული არიან, არქივს ჩააბარონ ყველა სამსახურებრივი დოკუმენტი. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

გაზიარება