საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი წევრი დავით კაჭარავა, მედიასთან აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი დერეფნის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისივე თქმით, ამ პროექტით არამარტო საქართველო, არამედ დასავლეთისა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიც დაინტერესებულნი არიან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ქვეყნის სატრანსფერო სტატუსი დაიბრუნოს. აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი დერეფანი არა მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას, არამედ ის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რეგიონში მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისა და ქვეყანათშორისი ურთიერთობისთვის. ვფიქრობ, ეს პროექტი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, მრავალი სხვა, როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური ქვეყნების ინტერესშია, ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს საქართველოში ეკონომიკის განვითარებას“, – აცხადებს დავით კაჭარავა.

დავით კაჭარავა ეხმაურება ოლექსეი გონჩარენკოს განცხადებასაც, რომელიც საქართველოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდებს. კაჭარავას თქმით, ღია კონფლიქტში ჩართვა ქვეყნის ინტერესში არ შედის და ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ საქართველოში მშვიდობას საფრთხე დაემუქროს.

„საქართველოს მთავრობამ პოლიტიკურ დონეზე ყველა რეზოლუციაში მიიღო მონაწილეობა, უკრაინას ყველგან დაუჭირა მხარი – ჰუმანიტარულ ასპექტში უკრაინელ ხალხს უდიდესი დახმარება გავუგზავნეთ. რაც შეეხება საქართველოს სამხედრო კონფლიქტში ჩართვას – ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე უარს ვამბობთ. საქართველოს მთავრობა ისეთ ნაბიჯს არ გადადგამს, როგორიც საქართველოს მშვიდობას საფრთხე შუქმნის – ჩვენ საკუთარი ქვეყნის ინტერესებით ვმოქმედებთ. აქედან გამომდინარე, გონჩარენკოს განცხადებები უსაფუძვლოა. მნიშვნელობა არ აქვს, გონჩარენკო გააკეთებს განცხადებას, თუ ვინმე სხვა. რამდენიმე ადამიანი ყოველდღიურად ცდილობს, თავისი ქვეყნის ინტერესები გაატაროს და როგორმე საქართველო ამ ბრძოლაში ჩაითრიოს – საქართველოს ღია კონფლიქტში ჩართვა ჩვენი ქვეყნის ინტერესში არ შედის, ჩვენ ამ ნაბიჯს არ გადავდგამთ.

გასაგებია, რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები თავისი ქვეყნის ინტერესებს ატარებენ და ცდილობენ, საქართველო ამ ომში ჩაითრიონ – ეს მათი გადაწყვეტილებაა, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ქართველები მათ მხარს უბამენ და გრძელვადიან პერსპექტივაში, ალბათ, ამას ვერც ხვდებიან, ან თუ ხვდებიან და მაინც აკეთებენ ამას, კიდევ უფრო უარესი. ჩემთვის ასეთი ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი განცხადებები მიუღებელია“, – აცხადებს დავით კაჭარავა.

საზოგადოებრივი მოძრაობის წევრი „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებსაც აფასებს. კითხვაზე – „უნდა იყოს, თუ არა „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში?“ – დავით კაჭარავა პასუხობს, რომ მათი პარლამენტში ყოფნა-არყოფნით ქვეყანაში არაფერი შეიცვლება.

„დიდად არ მინდა, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ განცხადება გავაკეთო – საერთოდ არ მაინტერესებს, დატოვებენ ისინი პარლამენტს, თუ არა. დიდად არც ის მაინტერესებს, რა ხდება მათ შიდა სამზარეულოში. რასაც ისინი ქვეყნის მასშტაბით აკეთებდნენ, იგივე ხდება მათთან, შიგნით. დღეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ქვეყანამ მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება შეინარჩუნოს და ამის საფუძველზე ხალხის კეთილდღეობის თამასამ კიდევ უფრო ზემოთ აიწიოს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთი ამბავი ხდება, რომ იქნებიან თუ არა ისინი პარლამენტში, ამით ქვეყნის განვითარებისთვის არაფერი შეიცვლება. თუ უნდათ, იყვნენ, თუ არ უნდათ – გავიდნენ. პრობლემა არ არის“, – აცხადებს დავით კაჭარავა.

გაზიარება