რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტრომობილო გზების დეპარტამენტმა ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზის მშენებლობა დაიწყო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული მონაკვეთი, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზის ნაწილია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და სატრანზიტო მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა.
„ახალი გზა გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ წნორს, 6 მიმდებარე სოფელს და ბაკურციხე-წნორის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს საჭიროების გარეშე აღარ მოუწევს წნორში და მიმდებარე სოფელში გავლა.
ახალი შემოვლითი გზა თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხი-აზერბაიჯანის საზღვრის საერთაშორისო გზას არსებულ შიდასახელმწიფოებრივ გზასთან დააკავშირებს.
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი გზის პროექტი 2-ზოლიანი, ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის და 6 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 87.8 მილიონი ლარია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.




