„ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადადიან მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე. მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას“, – განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, მთავრობა პარლამენტში „ესტონური მოდელის“ შესახებ ჩანაწერის გაუქმების ინიციატივას წარადგენს.
„ეს, უბრალოდ, გაუმართლებელია. წელს ბანკების სუფთა მოგება იქნება 2 მილიარდი ლარი. გარდა ამისა, პარლამენტს მივმართავთ იმის თაობაზე, რომ მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა. ამით, 2024 წლიდან ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ. მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც მანამდე არ ხდებოდა.
რა თქმა უნდა, ვაფასებთ ბანკების როლს ეკონომიკის ზრდაში. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ძალიან განვითარებული საბანკო სისტემა. ორი მსხვილი ბანკია ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას, მაგრამ ეს არის მცირე კორექტივები, რომელიც შევიტანეთ კანონმდებლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.