“ბატონმა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ბანკი [კრედიტ სუის-ი“] არათუ აიძულებს კლიენტს წლების განმავლობაში ედავოს ბანკს სხვადასხვა იურისდიქციაში, არამედ არც თავად შვეიცარიის პროკურატურისა და სასამართლოს მიერ ჯერ კიდევ 2019 წელს დავალებულ გადახდებს ახორციელებს. მეტიც, „კრედიტ სუისს“-დან გატანილ, თუმცა „კრედიტ სუისს“-ის ტრასტების მართვაში დარჩენილ თანხებზე წვდომას სრულად უზღუდავს”, – ნათქვამია „კრედიტ სუის-თან“ სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის სამართლებრივი მრჩევლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე განცხადების თანახმად, 2022 წელს სინგაპურში მიმდინარე სასამართღლო პროცესზე, სადაც ბიძინა ივანიშვილი იკითხებოდა როგორც მოწმე, სასამართლოს მიანიშნა, რომ „კრედიტ სუისს“-ი იქცევა როგორც „განგსტერული ბანკი“.
„აქ გვსურს მოკლე განმარტების გაკეთება: სინგაპურსა და ბერმუდაზე სასამართლო პროცესები მართალია მიმდინარეობს, თუმცა ორივე იურისდიქციაში დავა დიდი ხნის დაწყებულია: ბერმუდაზე სარჩელი 2016 წელს შევიდა, ხოლო სინგაპურში იურისდიქციის საბოლოო დადგენა 2020 წლის მარტში მოხდა. ამდენად, ის ეტაპი, როდესაც მხარეები ახალ ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და პრეტენზიებზე მიუთითებდნენ, 2021 წლის ნოემბრისთვის საბოლოოდ დაიხურა. შესაბამისად, საკუთარი იურისტების რჩევით, ბატონ ივანიშვილს მიეთითა, რომ თანხებზე წვდომასთან დაკავშირებულ პრობლემაზე მიმდინარე დავების ფორმატში და ფარგლებში სასამართლოების ყურადღების მიქცევა ვეღარ მოხდებოდა.
მიუხედავად ამისა, როდესაც 2022 წლის სექტემბერში სინგაპურში მიმდინარეობდა სასამართლო განხილვა, სადაც ბატონი ივანიშვილი წარსდგა მოწმის ჩვენებით, მან ოსტატურად ისარგებლა მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის კითხვით და თავის პასუხში სასამართლოს მიანიშნა იმასთან დაკავშირებით, რომ „კრედიტ სუისს“-ი იქცევა როგორც „განგსტერული ბანკი“.
მართალია, საკითხის მოსამართლემდე მიტანა მარტივი არ იყო, რადგან საკითხი პირდაპირ არ უკავშირდებოდა მიმდინარე დავას, თუმცა სასამართლოს ყურადღების მიქცევა საბოლოოდ მაინც მოხერხდა. შედეგად, მოსამართლემ უკვე „კრედიტ სუისს“-ს დაუსვა კითხვა, თუ რა მიზეზით არ ხდებოდა კლიენტისთვის არასადავო (უდავო) თანხების გადარიცხვა. სწორედ ამ შეკითხვამ განსაზღვრა ის, რომ „კრედიტ სუისს“-მა დაიწყო ბატონ ივანიშვილთან მოლაპარაკების იმიტაცია და ამ პროცესის განმავლობაში მათ კლიენტს დაუბრუნეს იმ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ჯერ კიდევ შვეიცარიის სასამართლოს მიერ იყო დაკისრებული 3 წლით ადრე. ამა წლის დეკემბერში, სულ რამდენიმე დღის წინ კი განხორციელდა ზემოხსენებული თანხის დაგვიანებით გადახდის გამო მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა ბატონი ივანიშვილისთვის.
ბანკმა ის თანხაც გადაიხადა, რომელსაც „კრედიტ სუისს“-ის სინგაპურული ტრასტი არ რიცხავდა. „კრედიტ სუისს“-ი ასე რომ არ მოქცეულიყო, ეს მწვავედ უარყოფით გავლენას მოახდენდა მოსამართლის დამოკიდებულებაზე ხსენებული ბანკის მიმართ. ამდენად, ბანკი იძულებული შეიქმნა, განეხორციელებინა გარკვეული მანევრი, რომელიც კეთილსინდისიერი მოქმედების მცდელობის იმიტაცია იქნებოდა. აი, სწორედ ამ პროცესმა გამოიწვია ის პაუზაც, რომელიც იყო საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაწილში და რომელსაც ამ წერილის საწყის ნაწილში ვისაუბრეთ. პარასკევს, 23 დეკემბერს ყველანაირი ილუზია ამოიწურა“, -წერია განცხადებაში.