ბავშვთა ქალაქ „მზიურს“ კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი დაუბრუნდა.
როგორც თბილისის მერმა – კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დაახლოებით 18 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მუნიციპალიტეტს მესაკუთრესთან მოლაპარაკებების გზით, ადგილმონაცვლეობის პრინციპით უბრუნდება.

„ყველას კარგად გვახსოვს ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების განმავლობაში დანერგილი იყო და ყოველდღიურად ხდებოდა, – ეს იყო მწვანე არეალების, სპორტული მოედნების მიტაცება და მათ ადგილზე გარკვეული სამშენებლო სამუშაოების წარმოება, თუმცა, 2017 წლიდან რადიკალურად შეიცვალა მიდგომები, რადგან ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, დედაქალაქი იყოს კიდევ უფრო მწვანე, იყოს კიდევ უფრო მეტი რეკრეაციული სივრცე იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ეკოლოგიური მდგომარეობა და ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ნორმალურ გარემოში, ნორმალურ პირობებში შეძლონ დასვენება, განტვირთვა და, თუნდაც, ვარჯიში.

ჩვენ ძალიან ბევრი ასეთი ფართი დავუბრუნეთ მუნიციპალიტეტს, სადაც სხვადასხვა პროექტი განხორციელდა რეკრეაციული სივრცეებისა თუ სპორტული მოედნების სახით. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა და დამოკიდებულება დღესაც გრძელდება.

თქვენ იცით, რომ ორ წლის წინ განახლდა ეს პარკი [მზიური] და ახალგაზრდებისთვის, ქალაქის სტუმრებისთვის ერთ-ერთი სასიამოვნო და საყვარელი ადგილია, თუმცა, ჩვენ ვერ მოვახერხეთ პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულყოფილად წარმოება, რადგან პარკის გარკვეული ტერიტორია კერძო საკუთრებაში იყო“, – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება