“ზოგიერთი არხის მიერ გავრცელდა სრული დეზინფორმაცია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ. მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ ქუთაისის საერთაშორისოო უნივერსიტეტის ყველა პროგრამა გადის აკრედიტაციის პროცესს, რომელიც შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტს”, – განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ტელეკომპანია “იმედის”ეთერში.
„ამ პროცესს ახორციელებს საერთაშორისო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან მსოფლიოში ცნობილი პროფესორები. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პროგრამები წარმოადგენს მიუნხენის უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური პროგრამების ანალოგს. ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად, კითხულობენ პროფესორები მსოფლიო უნივერსიტეტებიდან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეისა და კონცეფციის ავტორი გახლავთ ბიძინა ივანიშვილი და სწორედ მისი და მისი ოჯახის უაღრესი მნიშვნელოვანი ქველმოქმედების შედეგად, საქართველოში ჩვენ გვაქვს მსოფლიო სტანდარტის შესაბამისი ჭეშმარიტად ევროპული უნივერსიტეტი“, – განაცხადა ჩხენკელმა.
ცნობისთვის: ოპოზიციურმა მედია საშუალებებმა მოამზადეს სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონკრეტული პრივილეგიებით სარგებლობს და ავტორიზაციის გარეშე აგრძელებს მუშაობს.