ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი რადიკალური ოპოზიციისთვის მიუღებელ ბიზნესმენებზე თავდასხმის უკან პოლიტიკურ ინტერესს ხედავს.
მისი თქმით, ბიზნესზე ძალადობას მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანიც აქვს, რომელიც ინვესტიციების შეფერხება და ქართული ეკონომიკის დასუსტებაა.

„ბუნებრივია, ეკონომიკურად შეჭირვებულ ქვეყანაში მანიპულირების საგნად საზოგადოების ქცევა და აგენტოკრატიის დამკვიდრება ბევრად უფრო იოლია. გარდა ამისა, მშიერი ქვეყანა და საზოგადოება ომშიც უფრო ადვილი ჩასართავია. აქედან გამომდინარე, ცხადია, ბიზნესზე ძალადობას, სუფთა პოლიტიკურთან ერთად, პრაგმატული ეკონომიკურ-პოლიტიკური გათვლებიც უდევს საფუძვლად.
თუ 2004-12 წლებში ბიზნესზე ხელისუფლებაში მოკალათებული ამერიკული აგენტოკრატია ძალადობდა, ახლა იგივეს ფორმალურად დივერსიფიცირებული რადიკალური ოპოზიცია აკეთებს. ამასთან, ფორმალური დივერსიფიკაციის მიუხედავად, არ იმალება, რომ ყველა ამ სუბიექტის – პარტიების, ენჯეოების, მედიასაშუალებების და „ევროპელი ლობისტების“ უკან ამერიკელები დგანან.
ანუ, საბოლოო ჯამში, ბიზნესზე ძალადობის დამკვეთი დღესაც იგივეა, ვისი დაკვეთითაც 2004-12 წლებში ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა დამკვიდრდა.
ამასთან, ბიზნესზე ძალადობის კოორდინაციის ქართული ვერსია ძალიან მოგვაგონებს შვეიცარიულ პრაქტიკას, სადაც ამერიკელებმა ბიძინა ივანიშვილის თანხების გასაყინად შვეიცარიის სახელმწიფო სტრუქტურები, საფინანსო ინსტიტუტები და მედიასაშუალებები სრული კოორდინაციით აამოქმედეს.
ამგვარი კოორდინაციის თვალსაზრისით, ევროპაში რა ვითარებაა, ამაზე დღეს არ შევჩერდებით და ამ თემას მომავლისთვის მოვიტოვებთ.
ბიზნესის თავისუფლების დაცვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების აუცილებელი პირობაა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებას მართებს განსაკუთრებული ყურადღება, რათა ბიზნესმენებზე ძალადობის კოორდინირებულმა მცდელობამ ქვეყნისთვის სავალალო შედეგი არ გამოიღოს.
თუკი ვინმე ცდილობს, ქართველ ბიზნესმენებს ქართულ ეკონომიკაში თანხების ინვესტირებაზე ააღებინოს ხელი და დავით კეზერაშვილს საკუთარი შავი ფულის პოლიტიკაში ინვესტირებაში დაეხმაროს, მას საქართველოს მიმართ მტრული ზრახვები ამოძრავებს და ნებისმიერ ამგვარ მცდელობას საზოგადოებამ მკაფიო შეფასება უნდა მისცეს”, – აცხადებს ფილოსოფოსი.

გაზიარება