„გასული დღეების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები გამოხატავდნენ გაკვირვებას იმ ფაქტით, რომ საქართველო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ოპოზიცია ქვეყნის ომში ჩათრევას ცდილობს“, – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.
„ყველას ახსოვს, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, რადიკალური ოპოზიცია და მისი სატელიტები ომისკენ მიმართული რიტორიკითა და პროვოკაციებით აქტიურად გამოირჩეოდნენ: თებერვალ-მარტშიც საქართველო იყო მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა, სადაც უკრაინაში დაწყებული ომის ფონზე, ოპოზიცია საპროტესტო აქციებს მართავდა; რადიკალები ითხოვდნენ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, რაც ვითარების სწრაფ ესკალაციას გამოიწვევდა; მოგვიანებით, ისინი ითხოვდნენ უკრაინაში მოხალისე მებრძოლებით სავსე თვითმფრინავების გაგზავნას, რაც საქართველოს უკვე სამხედრო კონფლიქტის სრულფასოვან მხარედ აქცევდა; ცნობილი რადიკალები – სანაია, მშვილდაძე, გიგაური, უსუფაშვილი, მარგველაშვილი და სხვები საქართველოს ომში ჩართვაზე, იარაღის შესყიდვასა და „შანსის გამოყენებაზე“ ღიად და აქტიურად საუბრობდნენ; რადიკალებისგან და მათი უცხოელი პატრონებისგან არავის გაუპროტესტებია უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსების ღია მოწოდებები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით და ა.შ.
თუმცა, რადიკალების ომისკენ მიმართული რიტორიკა რამდენიმე თვის განმავლობაში შენელდა, რაც მეორე ფრონტის იდეის მიმართ ქართული საზოგადოების მკვეთრად უარყოფითმა დამოკიდებულებამ განაპირობა. ყველა კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ომის კატეგორიული წინააღმდეგია, რამაც რადიკალურ ოპოზიციას რიტორიკის შეცვლისა და პროვოკაციებზე დროებით უარის თქმისკენ უბიძგა, მეტიც – ამერიკის საელჩოს მსგავსად, მათ საჯაროდ იმის მტკიცებაც კი დაიწყეს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი არასოდეს სურდათ და ამგვარი რამ აზრადაც კი არასდროს გაუვლიათ.
მაგრამ ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდში რადიკალური ოპოზიცია ისევ ძველ რიტორიკას და პროვოკაციებს მიუბრუნდა. ერთი შეხედვით მართლაც გასაკვირად შეიძლება მოჩანდეს, რაში უნდა აწყობდეთ ამ ადამიანებს ხალხის ნების წინააღმდეგ ასე ღიად წასვლა, რაც ისედაც უკიდურესად დასუსტებულ რადიკალურ ოპოზიციას ძალიან ძვირი შეიძლება დაუჯდეს.
სინამდვილეში, გასაკვირი და გასაოცარი აქ არაფერია. ბუნებრივია, ომის რიტორიკასთან დაკავშირებული ელექტორალური რისკები რადიკალებს თავადაც კარგად აქვთ გააზრებული. ამ პირობებში, მათ რიტორიკასა და პროვოკაციებს მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს: ისინი არიან აგენტურა და ასრულებენ დავალებას, რომლის ერთადერთი მიზანი მეორე ფრონტად საქართველოს ქცევაა“, – აღნიშნავს შათირიშვილი.