,,პოლიტიკოსის კარიერა და იმიჯი შედგება ღირებულებებისგან, გაკეთებული საქმეებისგან და რიტორიკისგან. ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ თუ დგას და მართლა ყოფნა-არყოფნაზეა საუბარი, მაშინ პენიტენციური სისტემა თვითონაც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, რომ ეს ასე არ მოხდეს,’’ – განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, სააკაშვილი ვერ ეგუება იმას, რომ, რევოლუციის მოხდენის ნაცვლად, საპატიმროში აღმოჩნდა. დავითულიანის თქმით, სასჯელის გადავადების მექანიზმი არსებობს, მაგრამ, ამ დროს, პატიმარს ეკრძალება ქვეყნის დატოვება და გაუგებარია, ეს რამდენად იქნება მისთვის მისაღები.

,,ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ადამიანი, რატომღაც, თვითონ, მიზანმიმართულად იზიანებდა თავის ჯანმრთელობას. მე მესმის, რომ დეპრესიული ფონი აქვს და ვერ ეგუება ამ ოთხ კედელში ყოფნას – ისევე, როგორც ვერ ეგუება ხოლმე პატიმრების ძალიან დიდი ნაწილი და, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა იზრუნოს მის ჯანმრთელობაზე, რომ მას რამე არ დაუშავდეს. ეს უნდა თქვან ექიმებმა. ეს ჩემი საქმე არ არის. ფაქტია, რომ დეპრესია აქვს. შეიძლება სხვა რამეც ჰქონდეს, მაგრამ მისი ემოციური ფონი რომ ვერ ეგუებოდა მის მდგომარეობას,
აქედან დაიწყო შიმშილობა, რითაც, შესაძლოა, დაიზიანა ჯანმრთელობა და ა.შ. პენიტენციურ სისტემას აბარია ყველა პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პენიტენციური სისტემა ამას მიხედავს. თუ სასამართლო რაიმე არაორდინალურ გადაწყვეტილებას მიღებს, ეს მისი საქმეა და არა ჩემი. საერთოდ, არ არის ეს საკითხი ჩემთვის აქტუალური, გარდა იმ კუთხისა, რომ ციხეში პატიმარი არ უნდა გარდაიცვალოს, ან – არ უნდა დაუზიანდეს ჯანმრთელობა. ამის იქით ჩემი საქმე ეს არ არის. არანაირი კანონის მექანიზმი მე არ მეგულება, რომ სასამართლოს შეეძლოს, ვიღაცას დაავალოს – “წაიყვანეთ საზღვარგარეთ სამკურნალოდ,” – განაცხადა დავითულიანმა.

გაზიარება