„მე მესმის ის ემოციები და ვნებათაღელვა, რაც ამ კანონპროექტის განხილვას მოჰყვა ჩვენს მოქალაქეებში და ჩვენს უცხოელ მეგობრებშიც. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონპროექტი ისეთ კანონად იქცეს, რომელიც მისაღები იქნება როგორც ჩვენი მოსახლეობისთვის – ისე ევროკავშირისთვის, იმ ორგანიზაციისთვის, რომლის წევრობისთვისაც ჩვენ ყველანი ერთად ვიღვწით.

იმედს ვიტოვებ, რომ პირველი მოსმენის შემდეგ, ვენეციის კომისიის დასკვნასთან ერთად კანონპროექტის მეორე მოსმენამდე, ჩვენ მივუბრუნდებით იმ სიტყვათა წყობის სიღრმისეულ განხილვას, რასაც ჰქვია უცხო ძალის გავლენის აგენტი და შინაარსობრივი განხილვისას, საბოლოოდ, ისეთ კანონზე შევთანხმდებით, რომელიც მისაღები იქნება ევროკავშირისთვისაც და ჩვენი იმ მოქალაქეებისთვისაც, ვინც წლებია, დაუღალავად, პირნათლად და კეთილსინდისიერად მუშაობენ თავიანთი ქვეყნის განვითარებისთვის“, –  განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან ქარუმიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტებზე საუბრისას.

გაზიარება