„ჩვენ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებს ანტისამთავრობო მიტინგებს, ძალიან ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებას, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, – ასე ეხმაურება ბერლინში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს.
მთავრობის მეთაურის თქმით, წლების განმავლობაში, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ათეულობით მილიონი დოლარის გრანტს იღებდნენ და არავითარი ინფორმაცია, ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე არ არსებობდა.
„იცით, რომ ორი ვერსი არის შეტანილი პარლამენტში. ერთი – ე.წ. ქართული ვერსია, რომელიც მოამზადა „ხალხის ძალამ“, და მეორე – ე.წ. ამერიკული ვერსია, ანუ, როგორც მე ამიხსნეს და ეს ვიცით, რომ ასე არის, რეალურად, ამერიკული კანონის თარგმნა მოხდა და ამის გადმოტანა ჩვენს რეალობაში.
ამერიკაში ეს კანონი მიიღეს 1939 წელს, თუ არ ვცდები და მას შემდეგ ეს კანონი მოქმედებს, არსებობს, და მე ვფიქრობ, არავის გასჩენია სურვილი იმისა, რომ განეკითხა ან განესაჯა, თუ რატომ მოქმედებს ასეთი კანონი ამერიკაში.
ასეთი კანონი მოქმედებს ასევე სხვა ქვეყნებშიც.
ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება ქვეყანას მოცემულ დროს, მოცემულ მომენტში. ზოგადად, შემდეგი რამ მინდა ვთქვა – ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ჩვენ ჩვენი ქვეყანა მიგვყავს ევროინტეგრაციის გზაზე. ბოლო ათ წელიწადში, ყველამ კარგად ვიცით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ახლა უკვე – ევროპული პერსპექტივა, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩვენ მართლაც ვიქნებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ახლა ჩვენ ველოდებით სტატუსს.
ჩვენი ხელისუფლება ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს სტატუსი ძალიან მალე მივიღოთ. ნებისმიერი სპეკულაცია, რაც ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციის მხრიდან, საფუძველს მოკლებულია.
გასაგებია, რომ შეიძლება ბევრისთვის ეს მიუღებელი საკითხი იყოს, მაგრამ ხელისუფლება იმიტომ ვართ, რომ რაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ქვეყანას, ის გავაკეთოთ.
მაგალითად, ჩვენ ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომელიც პირდაპირ ებრძვის სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდა ანტისამთავრობო მიტინგებს, ძალიან ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებას, რომელიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ეს დაფინანსება არ არის გამჭვირვალე. მეორე მხრივ, ისინი ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ სრულად გამჭვირვალე უნდა იყოს მთავრობის საქმიანობა, პარლამენტის საქმიანობა და ეს ასეც არის. ჩვენ გამჭვირვალობით ვართ მოწინავე პოზიციებზე მთელ მსოფლიოში. თუნდაც, იგივე, ბიუჯეტის გამჭვირვალობით ჩვენ ვართ ნომერი პირველი. პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში. ასე, რომ, მე ვფიქრობ, უსაფუძვლოა ის კამპანია, რაც ახლა მიმდინარეობს. მესმის, რომ მათთვის მტკივნეულია, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ისინი ათეულობით მილიონი დოლარის გრანტს იღებდნენ და არავითარი გამჭვირვალობა, არავითარი ინფორმაცია, ანგარიშვალდებულება საზოგადოების, ჩვენი ხალხის წინაშე არ არსებობდა.
მინიმალური სტანდარტი ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის არის ის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ და მსოფლიო სტანდარტს.
ძალიან მკაფიოდ იქნა განმარტებული ჩვენი კანონმდებლების, პარლამენტის მიერ, რომ ჯერ იგეგმება ამ ორივე კანონპროექტის მხარდაჭერა პირველი მოსმენით. ამის შემდეგ, როგორც ჩვენმა დეპუტატებმა განმარტეს, ეს კანონპროექტები გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ჩვენ დაველოდებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მათ შეფასებას და პარლამენტი გააგრძელებს განხილვას და მსჯელობას ამ საკითხზე“, – განაცხადა პრემიერმა.