“საქართველოს ენიჭება მორიგი ბერკეტი, შეასრულოს რეგიონული ლიდერი ქვეყნის როლი”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გაფორმებულ მემორანდუმზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველო მწვანე ენერგიის და განახლებადი ენერგიების გამომუშავების მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ხდება.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა რუმინეთში, სადაც შეიკრიბნენ ლიდერები და ხელი მოეწერა ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას. სტრატეგიულ შეთანხმებას მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის. აქ აღნიშვნის ღირსია, რომ საქართველოს ამ პროცესში აქვს გამორჩეული ადგილი. ჩვენი ქვეყანა მწვანე ენერგიის და განახლებადი ენერგიების გამომუშავების მიმართულებით ერთ-ერთი საკვანძო ქვეყანა ხდება. ასევე გადაცემის ნაწილში საქართველოს აქტიური და მნიშვნელოვანი როლი ექნება მომავალშიც.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო მეტად აახლოებს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირთან. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღევანდელ შეკრებაზე ევროკომისიის პრეზიდენტის დასწრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს ნიშნავს, რომ ეს პროექტი მხარდაჭერილია ევროკომისიის მხრიდან. ეს ეხმარება ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გაზიარება