„მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირის წინ დავაანონსეთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. სახელმწიფო უნდა იყოს მესაკუთრე აღნიშნული სტრატეგიული ობიექტის. ანაკლიის პორტის 51% იქნება სახელმწიფოს კუთვნილება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, ანაკლიის პორტის დანარჩენ 49%-ზე გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი. როგორც მან აღნიშნა, ინტერესს ბევრი კომპანია გამოხატავს შედეგი უახლოეს თვეებში გაირკვევა.
„ფოთის პორტი არის გასხვისებული. ბათუმის პორტი არის გასხვისებული. ჩვენ არავითარი ბერკეტი არ გვაქვს, გარკვეული რეგულაციები მოვახდინოთ ტარიფებთან მიმართებით თუ სხვა, ამიტომ იმ ფონზე, როცა მსოფლიოს ქვეყნები და, განსაკუთრებით, ცენტრალური აზიის ქვეყნები, თანხმდებიან, რომ აუცილებელია დივერსიფიკაცია, ახალი მარშრუტების დამუშავება, ჩვენს კორიდორს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
განსაკუთრებული ყურადღება არის მიმართული ჩვენი კორიდორის მიმართ, ამიტომ აუცილებელია, იყოს გამართული პორტები, ინფრასტრუქტურა, რკინიგზა და სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ განსაკუთრებულ ძალისხმევას მივმართავთ და ინვესტიციებს ჩავდებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.