საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, არ არსებობს არც ერთი პატარა, იოტისოდენა მტკიცებულება და დოკუმენტი, იმის სათქმელად, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველო არის ან ტრანზიტი, ან გამტარი, ან რეექსპორტად გამოყენებული ქვეყანა უკანონო ტვირთებისთვის.

როგორც ამილახვარმა  „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აღნიშნა, „რიცხვები თავისას ამბობს და ფაქტი ერთია, რომ ამ რიცხვებით, ბოლო ერთი წელია, რუსეთთან ვაჭრობა საქართველოს შემცირებული აქვს“.

„იქნება ეს „CNN-ი“, „Al Jazeera“, „BBC-ი“ თუ “პალიტრა”, იქ, სადაც გაჟღერდება ჟურნალისტის ან რესპონდენტის მხრიდან გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რომელიც არის ტყუილი, არ არის ფაქტებზე დაფუძნებული, არანაირი მტკიცებულება უკან არ დგას, ბუნებრივია, ჩვენ ვალდებული ვართ, ვინც არ უნდა იყოს ეს და რაოდენ დიდი თუ პატარა მედია საშუალება და რომელ ქვეყანასაც არ უნდა წარმოადგენდეს, უბრალოდ, ამას ვუპასუხოთ სიმართლით, ფაქტებით, დოკუმენტებით. მე გაგახსენებთ: მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, რიგი ევროპარლამენტარების მხრიდან, უკრაინის მაღალჩინოსნების მხრიდანაც არაერთხელ გვსმენია, რომ საქართველო არის ერთგვარი ჩიხი, დერეფანი თუ ხვრელი, სადაც ხდება სანქციების გვერდის ავლით ტვირთის შეტანა რუსეთში და, ბუნებრივია, ყოველ ჯერზე ჩვენი რეაქცია იყო მყისიერი, პრინციპული და მკაცრიც. ვითხოვდით ფაქტებს და მტკიცებულებებს“, – აღნიშნა ამილახვარმა.

დეპუტატის თქმით, სანქციებისთვის გვერდის ავლაზე განმცხადებლის მხრიდან, არცერთხელ ყოფილა წარმოდგენილი ფაქტი და დოკუმენტი.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, ფინანსთა სამინისტროს, ევროკავშირისა თუ სხვა პარტნიორების მხრიდან, საერთაშორისო სანქციებთან საქართველოს შეერთების გამო მადლობის წერილები აქვს მიღებული.

„ჩვენ, სხვათა შორის, ერთ-ერთი პირველი ვიყავით, ვინც საერთაშორისო სანქციებს შევუერთდით და აღარ განვმარტავ იმას, თუ რატომ არ ვუერთდებით ორმხრივ სანქციებს“, – განაცხადა ამილახვარმა.

რაც შეეხება ცოტა ხნის წინ ამერიკული გამოცემის – „The New York Times-ის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც სანქციებისთვის  თავის ასარიდებლად საქართველოს მიერ რუსეთის დახმარებას ეხება, ამილახვარმა აღნიშნა, რომ „პოლიტიკაში ვინც ოდნავ ჩახედულია, არავის უკვირს, რას ნიშნავს ლობისტი და დაკვეთილი სტატიები“.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ ფულით ნაყიდი ლობისტები არ სჭირდება.

„ჩვენი ერთადერთი ლობისტი დღეს არის სიმართლე და ქართველი ხალხი. სწორედ, აი, ამ ორი რაღაცით, დღეს ხელისუფლებას აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა. აი, ეს არის რეალური მოცემულობა“, – აღნიშნა ამილახვარმა.

მისივე თქმით, სხვადასხვა ძალას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ცვლილება სურს.

„არიან ძალები (და ამას ჩვენ დიდი ხანია, ვამბობთ, ვამხელთ ფაქტებით, მტკიცებულებებით, განსაკუთრებით – ქვეყნის შიგნით და ასევე მათ ჰყავთ თავიანთი მხარდამჭერები ქვეყნის გარეთაც), დიახ, ვისაც სურს, რომ საქართველოში იხილოს მეორე ფრონტი. არ მეგულება ქვეყანაში ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი, ვინც მეტ-ნაკლებად ჩახედულია ამ საკითხებში, რომ ამაში ეჭვი ეპარებოდეს“, – განაცხადა ამილახვარმა.

გაზიარება