„ჩვენ საქმით ვამტკიცებთ, რომ ვემსახურებით ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. დამთავრდა დრო, როდესაც უნდა შევასრულოთ ქვეყნისთვის საზიანო დირექტივები. ყველას მოვუსმენთ, მაგრამ რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, იმას გავაკეთებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას.

“სუვერენული სახელმწიფო ვართ, ჯერ ის უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ჯერ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან რა თქმა უნდა, გვაქვს თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით, იქნება ეს აშშ, ევროპის სახელმწიფოები. გვაქვს ძალიან ბევრი წარმატებული საქმე, პროგრამა, პროექტი განხორციელებული ერთად და რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა გრძელდება. რა თქმა უნდა, მე, როგორც მთავრობის მეთაური, ყველაფერს ვაკეთებ და გავაკეთებ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ. შესაძლოა ჩვენ გვქონდეს პარტნიორებთან გარკვეული განსხვავებული მოსაზრებები, შეხედულებები, ეს ბუნებრივიც არის. ჩვენ ყველა ქვეყანას ვცემთ პატივს, მაგრამ ჯერ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ჯერ ჩვენს ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას ამ მოცემულ დროს და მომავალში”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება