„თქვენ მაინც ნუ გვასწავლით მებრძოლი ბიჭების პატივისცემას. დიდება მებრძოლ ბიჭებს! ცოცხლებს – დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა და დაღუპულთა მარადიული ხსოვნა“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, პრემიერის-მინისტრის ინიციატივა სამხედრო რეზერვის შესახებ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყნის სამხედრო სამსახურში მალე გვეყოლება 10 000 მომზადებული ახალგაზრდა.

,,გენერალმა ჩაჩიბაიამ ძალიან კარგად და აკადემიურად ისაუბრა პრემიერ-მინისტრის გუშინდელ განცხადებაზე. მე საუბარი მაქვს სტუდენტების, 23 წლის ასაკამდე ადამიანების შესახებ, ვინც ნებაყოფლობით მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩაერთოს ძალიან მნიშვნელოვან პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებს მებრძოლებად მათ ერთთვიან მომზადებას; რომლებიც საზარბაზნე ხორცი კი არ იქნებიან, – აი, 2008 წელს ბომბი რომ გავარდა და იქ რომ მიატოვეს ავტობუსებით რეზერვისტები, არამედ მომზადებულები იქნებიან სამშობლოს დასაცავად.

ამას ვამბობ როგორც სამი შვილის მამა. გუშინ მქონდა საუბარი, დამაინტერესა ჩემი შვილების მეგობრების აზრმა. რასაც თქვენ ფოკუს ჯგუფს ეძახით, ის მე სახლში მაქვს. ეს იქნება ძალიან დიდი საქმე და დარწმუნებული ვარ კიდეც, რომ იმ შედეგზე გავალთ, რაზეც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა.

სულ ცოტა ხანში გვეყოლება 10 000 მომზადებული ახალგაზრდა პატრიოტი კაცი, შესაბამისად, ეს პროგრამა არის ძალიან მაგარი და ის, რომ ჩვენ ძალიან მალე 10 000 ასეთი პატრიოტი ახალგაზრდა გვეყოლება რეზერვში, არის მართლა საშვილიშვილო საქმე. კიდევ ერთხელ, „ქართული ოცნების“ ხედვა და მიდგომა საკუთარი სამშობლოს სამხედრო ძლიერებისა და თავისუფლების მიმართ. თავისუფლებას და ღირსებას ჩვენ მივხედავთ და თქვენ თქვენს გულში დაბუდებულ ბოღმას მიხედეთ და პოპულიზმს, და ნაძვის ხის ჩაქრობა თუ ვინმეს გინდათ, სახლში ჩააქრეთ’’, – განაცხადა ოდიშარიამ.

გაზიარება