მუსიკოსი დათო ევგენიძე საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია “GCA-ს“ კორუფციასა და მონოპოლიაში ადანაშაულებს.
როგორც მუსიკოსი სააგენტო „პრაიმ ტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, ასოციაციის შიდა საქმიანობა 2011 წლიდან გაუმჭვირვალე იყო და დღემდე ასე რჩება.
მუსიკოსის თქმით, იმის მაგივრად, რომ ასოციაცია ავტორების უფლებების ეფექტიან დაცვაზე ზრუნავდეს, პირიქით, ავტორები ზრუნავენ ასოციაციის ხელმძღვანელის – გიგა კობალაძის კეთილდღეობაზე.
„ასოციაცია 2011 წელს დაფუძნდა სწორედ იმიტომ, რომ ხელოვან ხალხს ცივილიზებული სახით მიეღოთ შემოსავალი საკუთარი შემოქმედებიდან. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ წლების განმავლობაში, არც მე და არც სხვა ავტორებს არ აგვიღია ჩვენი შრომის არათუ პროპორციული, არამედ, მიახლოებული ჰონორარიც კი.
დრო გადიოდა, ჩვენ ვერც კი ვიგებდით, დროთა განმავლობაში, რომელი ავტორი თუ შემსრულებელი რამდენიმე თვეში რატომ იღებდა გარკვეულ თანხას, ხოლო ზოგ ავტორს, თვეების განმავლობაში, ერთი თეთრიც კი არ ერიცხებოდა. რაიმე ტექნიკური საშუალებით ხომ უნდა აღირიცხებოდეს, რამდენჯერ გაჟღერდა ჩვენ მიერ შექმნილი პროდუქცია ამა თუ იმ ობიექტზე (ტელევიზიაში, რადიოში, რესტორანსა თუ სილამაზის სალონში)? ასე ბრმად, 3 თვეში ერთხელ კაპიკების ჩარიცხვა ძალიან დამამცირებელია. თანაც ეს ხდება სწორედ იმ წელს, როცა „GCA-ს“ დირექტორმა საჯაროდ გამოაცხადა, – ასოციაციის წევრთა ჰონორარმა 5 მილიონ ლარს გადააჭარბაო.
გიგა კობალაძემ ერთპიროვნულ მმართველად გამოაცხადა თავი. ეს კი გამოიწვია იმან, რომ სახელმწიფო კონტროლი არ არსებობდა ამ სფეროში. “საქპატენტის” ყოფილი ხელმძღვანელობა, წლების განმავლობაში, ღიად და დაუფარავად ლობირებდა „GCA-ს“ მენეჯმენტს, ხელს უწყობდა მის სრულიად უსამართლო, გაუმჭვირვალე და მონოპოლიურ მმართველობას.
დღესაც კი, “საქპატენტის” ყოფილი ხელმძღვანელი ამ ასოციაციის ინტერესებს უკვე ადვოკატის რანგში იცავს, რისი დასტურიც იყო წელიწად-ნახევრის წინ, პარლამენტის სხდომაზე, მისი გიგას ადვოკატის რანგში ყოფნა. ზუსტად ესაა კორუფციის თვალსაჩინო მაგალითი. სწორედ ამ პრაქტიკის შედეგად მოხდა ის, რომ ავტორები ვიქეცით გიგა კობალაძის მონებად. ამას მოჰყვა ისეთი ტიპის კრიმინალური ხასიათის მაქინაციები, რაც ამ ცოტა ხნის წინ გახდა ნათელი შესაბამისი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად (ვგულისხმობ „იმედის კვირის“ რეპორტაჟს), რაც, წესით, პროკურატურის ინტერესის საგანი უნდა გამხდარიყო, მაგრამ არც პროკურატურის მხრიდან მოჰყვა ამ თემას რეაგირება და არც ოპონენტებისგან“, – აცხადებს დათო ევგენიძე.
დათო ევგენიძე საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას კორუფციაში ადანაშაულებს: „წლების განმავლობაში, არც მე და არც სხვა ავტორებს ჩვენი შრომის მიახლოებული ჰონორარიც კი არ აგვიღია“
