,,პარადოქსია ნამდვილად ის, რომ მედიამენეჯერად შეიძლება კეზერაშვილი სადმე მოხსენიო. ამ პიროვნებამ საზოგადოებას, პირველ რიგში,  თავი დაამახსოვრა საკუთარი ხალხის ჯარის ძარცვით, როდესაც ის თავდაცვის მინისტრი იყო’’, – განაცხადა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.

მისივე თქმით, შესაბამისი მტკიცებულებების ჭრილში იკვეთება, რომ დავით კეზერაშვილი მფარველობს საერთაშორისო თაღლითურ დანაშაულებრივ სქემას, რომელსაც ე.წ. ქოლცენტრების საქმე ქვია.

„საზოგადოებამ იხილა  პროკურატურის მხრიდან ბრიფინგი. საქართველოს სამართალდამცველი ორგანოები, პარტნიორი ქვეყნების სამართალდამცველ ორგანოებთან ერთად ატარებენ ერთობლივ  ოპერაციას, იჭერენ რამდენიმე ადამიანს და ვლინდება ის საერთაშორისო სქემის მონაწილე პირები,  რომლთა მიერ დაზარალებულთა რაოდენობა ძალიან ბევრია ევროკავშირის ქვეყნებში. მოყვანილია გერმანიის მაგალითი, სადაც ათასობით პენსიონერი იქნა გაძარცვული, სწორედ, ამ სქემის შესაბამისად. 

ჩვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა, ხაბეიშვილებმა რაც არ უნდა პოსტები წერონ და ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადონ, ამაზე მკაფიო პასუხს გასცემს გამოძიება, რომელიც ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. რაც უფრო მეტად ღრმავდება გამოძიება, ვლინდება დამნაშავე პირთა ვინაობა, უფრო მეტად მიდის კვალი იმ პიროვნებასთან, ვისზედაც თქვენ მეკითხებოდით, მაგრამ ეს ყველაფერი, ცხადია, გამოძიებით უნდა დადასტურდეს. სწორედ ამ ფულით ფინანსდება როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ კეზერაშვილის მხრიდან, ისე მის მფლობელობაში არსებული ტელევიზია. ამიტომაც არის სრული პარადოქსი, რომ კეზერაშვილს მედიამენეჯერი დავარქვათ’’, – განაცხადა მათიკაშვილმა.

გაზიარება