„არასრულყოფილი“ საარჩევნო სისტემების მქონე „ნაკლებად დემოკრატიული“ სამყარო აშშ-ში ყოველ ჩატარებულ არჩევნებზე ცდილობს, თავისთვის რაღაც ახალი შეისწავლოს, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ მაინც მიუახლოვდეს მაღალ „დემოკრატიულ“ ფასეულობებსა და სტანდარტებს, რომლებიც „ცივილიზებულ“ დასავლურ სამყაროში ყველა მსურველს ასე „ფართოდ“ და „სამართლიანად“ უღებენ კარს“, – წერს სოციალურ ქსელში მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რომელიც  ეუთო-ს დასკვნას მიმოიხილავს.

„დღეს, პრინციპში, უკვე შეგვიძლია, თეზისურად დავყოთ განვლილი ამერიკული არჩევნების ის „მასტერკლასი“, რომელიც ასახულია საარჩევნო სადამკვირვებლო „ბაზარზე“ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული არბიტრის – ეუთო-ს დასკვნაში. რა თქმა უნდა, ამ არჩევნებმა ჩაიარა კონკურენტუნარიან გარემოში – და ეს ყველა ჩვენგანს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. თუმცა, ანგარიში მოიცავს ჩვენთვის რამდენიმე „გაუგებარ“ გარემოებას, რომელსაც აშკარა „ანტიამერიკული“ ელფერი დაჰკრავს და „აგრესიული“ რიტორიკის ელემენტები ახასიათებს. მაგალითად:

უნდა გაუმჯობესდესო საარჩევნო სისტემა – გაუგებარია…საუბარი მიდის აშშ-ის  სისტემაზე. რაღა უნდა გაუმჯობესდეს?

უნდა გაიზარდოსო არჩევნებში მონაწილეობის უფლებები – ასევე არ განმარტავენ, რას გულისხმობენ. იმედია, ამერიკელები ხვდებიან – რას.

უნდა გაძლიერდესო არჩევნების უსაფრთხოება – უკვე მეშინია. იმედია, არასრულყოფილი უსაფრთხოების პირობებში, არჩევნები მინიმალური მსხვერპლით დასრულდა.

ხშირად შეურაცხმყოფელი და დამამცირებელიაო საარჩევნო პროცესების გაშუქებისა და კომენტირებისას დეზინფორმაციის დონე, რომლის წინააღმდეგ შესაბამისი ზომებია  გამოსაყენებელიო – ესეც მორიგი „ძნელად“ დასაჯერებელი ბრალდებაა.

არჩევნების დროს დავინახეთ  გარემო, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოსო: მუქარა, დაშინება და ძალადობა – ამ „ცილისწამებას“ რით უპასუხებს შეშფოთებული ნედ პრაისი, არც კი მინდა, წარმოვიდგინო.

საარჩევნო კამპანიაში ჩართული, გადასახადებისგან გათავისუფლებული ორგანიზაციების მხრიდან ინფორმაციის გამჟღავნების ნაკლებობა საარჩევნო კამპანიის გამჭვირვალობას ეჭვის ქვეშ აყენებსო – ეხლა კი რაღაც “დაუკრეფავში“ გადასვლის მსგავსი ბრალდება ხომ არ არის?

საარჩევნო მუშაკების წინააღმდეგ ადგილი ჰქონდაო მუქარას  და მცდელობებს, შეელახათ  ამომრჩეველთა ნდობა საარჩევნო პროცესისადმი მისი სამართლიანობის უსაფუძვლოდ ეჭვქვეშ დაყენების გზით – უსაფუძვლოდ თუ ემუქრებოდნენ და ლახავდნენ, ეს საფუძველი რომ „ჰქონოდათ“, წარმოდგენაც არ მინდა, რას უზამდნენ.

წინაასარჩევნო მარათონი იყო ძლიერ პოლარიზებული და დამძიმებული მკაცრი რიტორიკით, ხოლო, ხშირ შემთხვევაში, საარჩევნო ოლქების პარტიულმა გადანაწილებამ  არაკონკურენტული საარჩევნო ოლქები შექმნაო – აი, ეხლა უკვე კმარა. ტერმინები: „პოლარიზებული“, „მკაცრი რიტორიკა“ და „არაკონკურენტული“  შეუნახეთ „მესამე სამყაროს“ განუვითარებელ ქვეყნებს.

ზოგიერთი კანდიდატის და ცნობილი კომენტატორის მხრიდან რასისტული და ტრანსფობიური გამონათქვამები იყოო – რეებს წერთ, რა „ნამუსით?“  არა, ამას ნედ პრაისის შეშფოთებაც ვეღარ გადაფარავს. ეს უკვე სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის მრჩევლის დონეა, როგორც მინიმუმ.

თავი იჩინაო სისტემურმა პრობლემებმა, როგორიცაა: წინასაარჩევნო მაქინაციები, რომლებიც პოლიტიკოსებს საშუალებას აძლევდა, აერჩიათ თავიანთი ამომრჩევლები, და არა პირიქით, ფულის  უსაზღვრო  გავლენის მოხდენის გზით საარჩევნო კამპანიაზე – მსგავსი „დისკრიმინაცია“ და „რუსული პროპაგანდა“ მე საქართველოშიც არ შემხვედრია. „შოკში“  ვარ.

საარჩევნო სისტემაში არსებული ხარვეზები პოლიტიკაზე ფულის ზემოქმედების გამჭვირვალობას ამცირებსო – (აღშფოთებული ნედ პრაისის ხმით): „აუ, დავაი რა – ვისაც რამე არ მოგწონთ, რუსული გემის მისამართით მწყობრი ნაბიჯებით!!!“

დასასრული – ამერიკული „ჰეპპი ენდის“ გარეშე, კლასიკური ევროპული (ეუთო-ს) კინემატოგრაფის („ორნი ქალაქში“) სტილში…“ – წერს „ფეისბუკის“ გვერდზე ქართველიშვილი.

გაზიარება