„დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინულ კანონთან დაკავშირებით ჯერ გავივლით კონსულტაციას, რატომ არ არის ვენეციის კომისიის დასკვნა და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, აქვს თუ არა აზრი გაგზავნას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
“თვეებით ადრე გაგზავნილ “ერთი – ერთში” გადათარგმნილ ასლს პასუხი თუ არ აქვს და დასკვნა არ არის, მეორედ გადაწერონ ქართველებმა, გერმანელებმა, სომხებმა, აზერბაიჯანელებმა, ფრანგებმა და თვეში ერთხელ აგზავნონ, აზრი არ აქვს.
უკრაინულ კანონთან დაკავშირებით რა იყო გამომწვევი მიზეზი, ჯერ პასუხი რომ არ არის, ამაზე გავივლით კონსულტაციას, მათ შორის ვენეციის კომისიასთან, პარტნიორებთან, მათ შორის ევროკომისართანაც და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას.
ერთადერთი ფრაზა, რაც შეიძლება განსხვავებული ყოფილიყო მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ასლია გადათარგმნილი, არის ის, რომ საბჭო, რომელიც მითითებულია უკრაინულ კანონში, საქართველოში არ არსებობს. შესაბამისად, უნდა დაგვეწერა, ვინ უნდა მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება.
რადგან უკრაინულ კანონში მითითებული საბჭო არის აღმასრულებელი რგოლი, ამ შემთხვევაში მივიჩნიეთ, რომ პარლამენტი არაფერ შუაშია და ბოლომდე, ამ ერთი ფრაზითაც რომ მოხდეს უკრაინულ კანონთან დამთხვევა, უნდა იყოს აღმასრულებელი რგოლი. აქედან გამომდინარე, ამით კიდევ უფრო რელევანტური გახდა უკრაინულ კანონთან მიმართებით ქართული კანონი“, – განაცხადა მდინარაძემ.