“დეპოლარიზაციის მთავარი გასაღები მდგომარეობს იმაში, რომ “ნაცმოძრაობამ” უნდა გააგრძელოს დასუსტება. ჩვენ ამ პროცესს ხელს შევუწყობთ და ამან უნდა მიგვიყვანოს საბოლოო დეპოლარიზაციამდე”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ის, რომ ჩვენ გვქონდა არა ცხელი, არამედ მშვიდი შემოდგომა, პირველ რიგში იმის დამსახურებაა, რომ ნაცმოძრაობა დასუსტებულია.

„დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება. როდესაც ოპოზიცია მოქმედებს რადიკალური დღის წესრიგით, ფორმით, მეთოდით, ასეთ დროს შენც გიწევს პასუხის გაცემა. იმისთვის, რომ მოხდეს დეპოლარიზაცია, საჭიროა ორივე მხარის მზაობა. ამის მზაობა რომ არ არის, ეს გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

იყო აბსოლუტურად ეთიკის ზღვარს გაცდენილი გამოსვლები, ტერმინოლოგია გამოყენებული მათი მხრიდან, ასეთ დროს ვერ გვექნება ოპტიმიზმის საფუძველი, რომ რადიკალური ოპიოზიცია რაღაცნაირად შეცვლის თავის რადიკალურ დღის წესრიგს.

დღეს ხედავთ, ისინი გვპირდებოდნენ ცხელ შემოდგომას, მიილია შემოდგომაც და მაინცდამაინც დიდი სითბოც კი არ ჩანდა პოლიტიკური კუთხით ამ შემოდგომაზე.
თუ დააკვირდებით, რაც უფრო სუსტია ხოლმე “ნაცმოძრაობა”, მით უფრო მეტი სიმშვიდეა. რომ გავყვეთ ქრონოლოგიურად, ხელისუფლებაში როცა იყვნენ, რაც უფრო ძლიერი იყო “ნაცმოძრაობა”, მით უფრო მეტი პრობლემა ექმნებოდა სახელმწიფოსაც და საზოგადოებასაც.

როცა სუსტდებოდნენ, მერე უწევდათ პოლიტიკის მორბილება, იგივეა ოპოზიციაშიც.

დღეს ოპოზიცია ფუნდამენტურად დასუსტებულია, ამას ყველა ხედავს და ეს იგრძნობა.
ვაშაძის, ხაბეიშვილის, ჯაფარიძის და ხოშტარიას იმედზე ვერ ვიქნებით ბუნებრივია. ვერ ახერხებენ ვერაფერს, მთავარი ეს არის. ისინი არ მოიშლიან ამას, მათ აქვთ ცნობილი იგავიდან მორიელის ბუნება, სულ ექნებათ ეს მცდელობა, მაგრამ მთავარია ისინი სუსტები იყვნენ, რომ არ ჰქონდეთ ქვეყნის და პოლიტიკური სისტემის დაზიანების რესურსი“ – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება