“იმის მაგივრად, რომ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია ავტორების უფლებების ეფექტიან დაცვაზე ზრუნავდეს, პირიქით, ავტორები ზრუნავენ ასოციაციის ხელმძღვანელის – გიგა კობალაძის კეთილდღეობაზე”, – განაცხადა მუსიკოსმა დათო ევგენიძემ გამოცემა “პრაიმ ტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მისი თქმით, როდესაც გიგა კობალაძის მიერ არაკეთილსინდისიერად გადანაწილებულ ჰონორარებთან დაკავშირებით კითხვები დასვა, ხელმძღვანელმა ასოციაციიდან გარიცხა.

როგორც ევგენიძემ აღნიშნა, ასოციაციის შიდა საქმიანობა 2011 წლიდან გაუმჭვირვალე იყო და დღემდე ასე რჩება.

”მეტი უსამართლობა და უკანონობა გაგიგიათ? ერთი ხელით ასოციაციიდან მრიცხავს და მეორე ხელით კვლავ აგრძელებს ჩემი კუთვნილი ჰონორარების აკრეფას კომერციული ობიექტებიდან – ისე, რომ მე ერთ თეთრსაც არ მირიცხავს.

ასეთი ღია და დაუფარავი ძარცვაა. ჩემი აზრით, ეს პირდაპირ კრიმინალია.
გეკითხებით, როგორ შეიძლება, როდესაც უამრავი სრულმეტრაჟიანი ფილმისა და სერიალის ავტორი ვარ და ეს ფილმები დღესაც კი ტრიალებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ხელის მოწერით გამრიცხოს და ორი წლის განმავლობაში ჩემი შემოქმედებიდან მიღებული თანხა თავის ორგანიზაციას მოახმაროს?!

ამ ყველაფრის მერე, ის გამოდის და ამბობს, რომ ეს პრეტენზიები უსაფუძვლოა და, თურმე, კოვიდპანდემიის დროს, მიუხედავად მათი განახევრებული შემოსვლებისა, ქართველ ავტორებს არ დააკლეს თანხა.

ეს არის უსინდისო ტყუილი. რა აძლევს ამის კეთების საშუალებას მას? ისევ და ისევ არასწორი კანონმდებლობა და ადმინისტრირება, უკანონო და უსამართლო, უკონტროლო მდგომარეობა”, – განაცხადა მუსიკოსმა.

გაზიარება