საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს. მასში ამერიკასა და ევროპაში დემოკრატიის პრინციპებისა და სუვერენიტეტის ცნების გაუკუღმართებაზეა საუბარი.

„სახელმწიფო, რომელიც დემოკრატიის, სახალხო სუვერენიტეტისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების შესაბამისად არ იმართება, სრულფასოვანი სახელმწიფო არაა. სამწუხაროდ, თანამედროვე სამყაროში ამ ცნებებმა სრული პერვერსია განიცადა. ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ყველამ იცის, რომ კონსტიტუციურად ყველაზე დიდი ძალაუფლების მატარებელი პირი – ამერიკის პრეზიდენტი სინამდვილეში სახელმწიფოს არ მართავს. ამასთან, დედამიწის ზურგზე ვერავინ იტყვის, პრეზიდენტის მაგივრად, ვინ მართავს მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოს. დღევანდელ ამერიკულ მმართველობას რომ ხედავდნენ, ამერიკის დამფუძნებელ მამებს – ვაშინგტონს, ჯეფერსონს, ჰემილტონს ან მედისონს, ალბათ, მძიმე დეპრესია დაეუფლებოდათ. უხეში ხარვეზებით ჩატარებულ კონგრესის არჩევნებზე, რომლის შედეგების შეჯამებას კვირაზე მეტხანს მოუნდნენ, ბევრს აღარ ვისაუბრებთ.

ანალოგიური ვითარებაა ევროპაშიც, სადაც სახელმწიფოების უმრავლესობას სუვერენიტეტი არსებითად დაკარგული აქვს. დღევანდელ სამყაროში დემოკრატია ნიშნავს “აგენტოკრატიას”. ფართოდ დანერგილი მოდელის მიხედვით, ყალიბდება სამთავრობო კოალიციები, რომლებშიც პარტიების უმრავლესობა უცხოური გავლენის აგენტურას წარმოადგენს. ასეთ პირობებში კი, სამთავრობო კოალიცია არა ეროვნული ინტერესების შესაბამისად, არამედ, თავიდან ბოლომდე, გარე ინტერესების გავლენის ქვეშ მოქმედებს.

ამგვარი ვითარება გვქონდა საქართველოში 2004 – 2012 წლებში, როდესაც ხელისუფლება გარედან მართული აგენტურით იყო დაკომპლექტებული. ყველა უბედურება – ადამიანების წამება და გაუპატიურება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მონოპოლიზება, რუსეთისთვის ტერიტორიების ჩაბარება და სხვა – არა მხოლოდ რეჟიმის უცხოელი პატრონების მდუმარე მხარდაჭერით, არამედ პირდაპირ მათი კარნახით ხდებოდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება