„დღეს მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ისტორია მეორდება. თითქმის ერთი საუკუნის წინ ულტრანაციონალურმა მოძრაობამ ევროპაში ფაშიზმი წარმოშვა, რასაც მეორე მსოფლიო ომი მოჰყვა. მას შემდეგ მსოფლიო თანამეგობრობამ ამის საპირისპიროდ გლობალიზაცია შემოგვთავაზა, რაც ბევრი კუთხით კარგია, მაგრამ აქვს ხარვეზები, განსაკუთრებით, პატარა სახელმწიფოებთან მიმართებით“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ულტრალიბერალურმა იდეოლოგიამ ახალი ფორმის ძალადობა წარმოშვა, რომლის იარაღად დემოკრატია იქცა.

„არადა, ასეთი ქმედება, სწორედაც, რომ ჭეშმარიტ დემოკრატიულ ღირებულებებს უთხრის ძირს და ყველაზე დიდი მსხვერპლი, შესაძლოა, ტრადიციული პატარა ქვეყნები აღმოჩნდნენ. ისტერიკული კამპანიით ტრადიციული იდეოლოგიის საზოგადოებას თავს ძალით მოახვიო ის, რაც მისთვის მიუღებელია, – ესეც ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა.

გვსურს თუ არა ასეთი მსოფლიო წესრიგი, სადაც ერთ რადიკალიზმს ცვლის მეორე და ორივე დამანგრეველია სახელმწიფოებისათვის? რატომ ვერ ხერხდება დღემდე ლიბერალური და კონსერვატიული იდეოლოგიის ისეთი ფორმით განხორციელება, სადაც საკუთარი ღირებულებების აღიარება სხვისი უფლებების დარღვევას არ იწვევს და, უფრო მეტიც – არ ძალადობს სხვაზე?

თანამედროვე პოლიტიკოსებად შერაცხულები და საზოგადოების ნაწილი პოლიტიკურ კეკლუცს და პოლიტიკურ მოდას არიან აყოლილი. ზოგი სხვა ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ, განზრახ აკეთებს ამას, ზოგს საკუთარი დროშაც დაავიწყდა და სხვისას აფრიალებს. ზოგიც სხვაგვარად ფიქრობს, მაგრამ კეკლუცობს და სხვანაირად ამბობს.

მოკეკლუცე პოლიტიკოსებს ვურჩევდი, საკუთარი ღირსება მცირედით მაინც დაიტოვონ, თორემ ევროპასა და დასავლეთს მორჩილები მხოლოდ აღმსრულებლებად სჭირდებათ და ისინი მათ პატივს არ სცემენ“, – განაცხადა ხუნდაძემ.

გაზიარება