არსებული ინფორმაციით, ე.წ. ქოლცენტრების საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა ვაკეში, “აქსის თაუერში” მდებარე ოფისებშიც, რომელიც ბიზნესმენ იოსებ მგელაძის მფლობელობაშია.
იოსებ მგელაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის – დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორია. ის წლების განმავლობაში მართავს კეზერაშვილის ოჯახთან დაკავშირებულ კომპანიებს.
მგელაძე გახლავთ ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიის – „SOBBIA HOLDINGS CORPORATION-ის“ დირექტორიც, რომლის ოფშორული აქტივები, “პანამა ფეიფარსის“ მონაცემებით, დავით კეზერაშვილის მფლობელობაშია.
იოსებ მგელაძის სახელი ფიგურირებს “საერთაშორისო გამჭირვალობის” მიერ 2013 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშშიც, სადაც ხაზგასმულია დავით კეზერაშვილთან დაკავშირებულ ოფშორულ კომპანიებში იოსებ მგელაძის როგორც კომპანიების დირექტორის როლი.
ცნობისთვის: ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ტრანსნაციონალური გამოძიების ფარგლებში საქართველოსა და სხვა სამი ქვეყნის ტერიტორიაზე სპეციალური ღონისძიებები ჩატარდა. გენერალურ პროკურატურაში დღეს ქართველ სამართალდამცველებთან ერთად დანაშაულის დეტალებზე საქმეში ჩართულმა გერმანელმა პროკურორმაც ისაუბრა.