„ერთადერთი, ვინც ცივილიზებულ სამყაროში უკრაინის ომში მოხალისეების მონაწილეობას ახალისებს, ეს არის ქართული ოპოზიცია. ევროპელი ლიდერები, ჩვენი მეგობარი შტატების ლიდერები, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო დახმარებასაც კი უწევენ უკრაინას, ემიჯნებიან მოხალისეების ჩართულობას და არ იწონებენ ამ ფაქტს. საქართველოში ამას ახალისებენ ჩვენი ოპონენტები და მათი მედიასაშუალებები. ეს არის მათი მთავარი მამხილებელი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოს წინააღმდეგ ჩვეულებრივი პიარ კამპანიაა დაგეგმილი.

„საბოლოო მიზანი ყველა ამ დეტალის, რომელიც მათ პიარ კამპანიაშია, არის საქართველოს როგორც ომში მონაწილე მხარის დაფიქსირება. მათი ძირითადი მიზანია, დააზიანონ საქართველო და მისი ხელისუფლება, და მეორე – დღეს მათი პირველი რიგის მიზანი საქართველოს ომში ჩართვაა. ისიც, რომ ძალიან სპეკულაციურად, ბინძურად, ინსტრუმენტებად იყენებენ გარდაცვლილ ადამიანებს. რა გამოდის? ჩვენ არ გვწყინს და მათ სწყინთ; „ნაცები“ არიან ადამიანები და ნერვიულობენ ადამიანის გარდაცვალებას. ჩვენ არ ვნერვიულობთ და არ განვიცდით ამას? ამის გამოყვანა უნდათ? ადამიანის გარდაცვალების და სიკვდილის პიარული თანამზრახველები არიან. გარდაცვალების ფაქტის პიარული მიზნებით გამოყენებაში არიან სიკვდილის თანამზრახველები. ეს არის რეალობა. მეგულება კონკრეტული ადამიანები ომისა და ღალატის პარტიაში, რომლებსაც უხარიათ კიდეც ასეთი ფაქტები იმისთვის, რომ პიარული დარტყმები განახორციელონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, როდესაც ისინი ამ ადამიანების სტატუსზე ლაპარაკობენ, სინამდვილეში, ეს ადამიანები არ აღელვებთ.

„მაგალითად, გუშინ ჯანდაცვის კომიტეტში განიხილებოდა მათი ინიციატივა უკრაინაში დაღუპული მებრძოლების სტატუსზე, რომელიც საქართველომ უნდა აღიაროს, და ეს შეფუთული ჰქონდათ კომპენსაციის მოთხოვნით. როგორც კი მსგავსი პრეცედენტი დაიშვება, ესეც არის, გარკვეულწილად, აღიარება სამხედრო კონფლიქტში მონაწილეობის.
ევროპის ქვეყნებიდან არ იღუპებიან ადამიანები? ჩვენი მეგობარი შტატებიდან არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა? ხომ არიან ასეთივე გმირული სულისკვეთებით ადამიანები, რომლებიც იბრძვიან უკრაინაში, როგორც ქართველი კონკრეტული მეომრები? რატომ არ იმჩნევენ ევროპის და შტატების ლიდერები ამ სიტუაციებს? გახსენდებათ რაიმე მკვეთრი განცხადება? პირიქით, გაგახსენებთ შტატების და დიდი ბრიტანეთის ლიდერების განცხადებებს, რომლებმაც თქვეს… ეს ის ქვეყნებია (არ დაგავიწყდეთ), რომლებიც არ ერიდებიან უკრაინის ფინანსურ და სამხედრო დახმარებას. მათ თქვეს, – ჩვენ ვერ მივესალმებით მოხალისეების მონაწილეობასო. მათი ამ განცხადებების საფუძველი რა იყო? იყო ის, რომ, ერთი მხრივ, ვივარაუდოთ, რომ მათ მიაჩნიათ, რომ არ უნდა მოხდეს ომში ჩართვის რომანტიზება მათი თანამოქალაქეების მხრიდან, არ უნდა მოხდეს მათი სტატუსების აღიარება, რომ უფრო მეტი მოქალაქე არ ჩაერთოს და გაუფრთხილდნენ თავის მოქალაქეებს. მათი მხრიდან თუ თავიანთ მოქალაქეებზე გაფრთხილებაა, ჩვენი მხრიდან მტრობა და ღალატია? რატომ ხდება ასეთი დიფერენცირება?“ – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება