“ჩანაწერიდან ჩანს, თურმე, სააკაშვილის გადაადგილება შეთანხმებული უნდა იყოს რუსეთთან და ის აკვირდება, რამდენად მოეწონებათ და თანხმობას მისცემენ თუ არა. თურმე, ერთ-ერთი არხი მარაგდება „კაგებეს“ მიერ”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ ტელეკომპანია „რუსთავი – 2-ის” მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელშიც, სავარაუდოდ, გიული ალასანია ლაპარაკობს.

ზარქუას თქმით, „ქართული ოცნება“ ქართული ინტერესების დამცველი გუნდია, რომელიც გადაწყვეტილებებს ოკუპანტს არ უთანხმებს.

„ყოველთვის ვამბობდით, რომ ერთი-ერთში ჯდება რუსეთის ინტერესებში ის, რასაც „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი აკეთებდნენ. სწორედ ეს არ თქვა? კომპრომატებით ბრძოლაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გიული ალასანიას ჩანაწერი. თავად მათაც კარგად აქვთ გააზრებული, რომ „ქართული ოცნება“ არ არის რუსული ოცნება და ამას ამბობს გიული ალასანიაც. მადლობა მას ასეთი სიმართლისთვის.

ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, ამაზე უარი თქვეს. ვთქვათ, გიული ალასანია ავთენტურობისთვის ადგილობრივ ორგანიზაციებს არ ენდობა, – საერთაშორისოს მიმართოს. იმასაც არ ენდობა? რაც თქვა, მისი აზრია. კი, ბატონო, ნამდვილად ასეა, ჩვენც ვუდასტურებთ, – რაც თქვა, სწორია. საქართველოში სააკაშვილის ჩასვლას რუსეთი როგორ მიიღებსო. ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებას არ ვუთანხმებთ, მით უმეტეს, მტერს და ოკუპანტს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

გაზიარება