„ევროკავშირი სუვერენიტეტს კარგავს. გადაწყვეტილებები, სინამდვილეში, მიიღება სხვაგან“, – განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის” წევრმა სოზარ სუბარმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით.

„ამ რეზოლუციაზე იმდენი ითქვა, მე არ ვიცი, რისი დამატება შეიძლება. ევროპარლამენტში არის ბევრი დეპუტატი, რომელიც, უბრალოდ, ხელის აწევით ადასტურებს იმას, რისიც შეუძლებელია, მათ სწამდეთ და სჯეროდეთ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ რასაც ისინი წერენ, არის აბსოლუტური ტყუილი, მაგრამ ისინი მაინც აძლევენ ამას ხმას”, – განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტში სამი რადიკალური ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ შიმშილობის დაწყებასაც გამოეხმაურა.

„გუშინ ჩვენ ვიხილეთ ყოფილი პრეზიდენტის შიმშილობა, რომელიც, ალბათ, გინესის რეკორდებში შევა როგორც ყველაზე ხანმოკლე. რას იზამენ ჩვენი კოლეგები, არ ვიცი, მაგრამ შეუძლებელია, შიმშილობით იქნას მიღებული მსგავსი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა სუბარმა.

მისივე თმით, მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი ციხეში უნდა მოიხადოს და არა კლინიკაში.

„გაცილებით მძიმე ავადმყოფები არიან საპატიმროში და ეს ადამიანიც უნდა იყოს საპატიმროში. დაემორჩილება ექიმების რჩევებს, მიიღებს საკვებს და იქნება ჯანმრთელი”, – განაცხადა სუბარმა.

გაზიარება